28 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
მელიას დაკავება იმდაგვარად, რომ არავინ დაზიანდეს, წარმოუდგენელია - ბადრი ჯაფარიძე

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის კანდიდატის განცხადებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მიუხედავად ღარიბაშვილის აგრესიული განცხადებებისა, ოპოზიცია კონსტრუქციულ სულისკვეთებას შეინარჩუნებს.

"პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთ განცხადებებს ისმენ იმ დროს, როდესაც სიტუაცია არის უკვე ასე დაძაბული. რა თქმა უნდა მესმის, რომ ეს არის "ქართული ოცნების" შიდა მოხმარებისთვის გზავნილი როგორმე გამხნევდნენ და იგრძნონ, რომ იცით რა, სიტუაციას ვაკონტროლებთ და ჩვენ საკმარისი ძალა გვაქვს იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ოპოზიციას. ცუდია ეს ძალიან, კონპროდუქტიულია, დამაზიანებელია ქვეყნისთვის, თვითონ ატმოსფეროსთვის, რომელიც ისედაც ძალიან თავისთავად ფეთქებადსაშიშია. მე ვფიქრობ ეს ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ასეთ განცხადებებს ვისმენთ, მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან.

მე ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ მაინც არ უნდა დავკარგოთ წონასწორობა, მაინც უნდა შევეცადოთ, რომ ეს აგრესიული და ძალიან საშიში ტონალობის განცხადებებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, მიუხედავად ასეთი ტიპის განცხადებებისა, ჩვენ შევინარჩუნებთ სიმშვიდეს და კონსტრუქციულ სულისკვეთებას, შევინარჩუნებთ მზაობას დიალოგისთვის და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევისათვის," - აცხადებს ბადრი ჯააფარიძემ.

რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, ბადრი ჯაფარიძე "დღის კურიერის" ეთერში განმარტავს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება არც თუ ისე ადვილი იქნება, ვინაიდან ენმ-ის ოფისში უამრავი ადამიანია, რომლებიც მრავალი დღეა თავდასხმის მოლოდინში არიან.

ჯაფარიძის თქმით, მელიას ძალისმიერი მეთოდებით დაკავებას შესაძლოა ტრაგიკული შედეგებიც მოჰყვეს.

"ჩვენ ხომ უნდა გვესმოდეს კარგად, რომ პოლიციის ასე შესეირნება არ გამოვა, იქ არის უამრავი ადამიანი, იქ მათ დახვდებათ ადამიანების ცოცხალი ღობე და მე ვფიქრობ, რომ ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს უნდა ესმოდეს, რომ ამით პირდაპირ მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება და ამისთვის ჩვენ, სამწუხაროდ, მზად უნდა ვიყოთ, ამ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ტრაგიკული შედეგებიც კი იმიტომ, რომ მელიას დაკავება იმდაგვარად, რომ იქ არავინ არ დაზიანდეს ეს წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ადამიანები იქ არიან დღეებია უკვე ამ თავდასხმის მოლოდინში და თუ ეს გადაწყვიტა ღარიბაშვილმა, მე ვფიქრობ, რომ ამით "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულს. მე ამას არანაირი მუქარის გამო არ ვამბობ, მესმის საფრთხეები, რომელსაც შეიცავს ძალისხმიერი მეთოდებით მელიას დაკავების მცდელობა," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები