28 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
აბსოლუტურად ჯდება იმ ჩარჩოებში, რასაც კანონიერება და სამართლიანობა მოითხოვს - მმართველი გუნდი ღარიბაშვილის პოზიციას სრულად ეთანხმება

პარლამენტში პრემიერობის კანდიდატის გამოსვლას მმართველ გუნდში აფასებენ - ხელისუფლებაში სრულად ეთანხმებიან ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ჯერია საპასუხო შეთავაზებების და არა ზოგადი ფრაზებით, რომელიც დიალოგისთვის მზადყოფნას განსაზღვრავს, არამედ კონკრეტული ნაბიჯებით.

"საპასუხო მათ აქვთ ახლა შემოსათავაზებელი არა ასეთი ზოგადი ფრაზებით, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან, არიან თუ არა მზად შემოვიდნენ საგამოძიებო კომისიაში, დაიწყონ მუშაობა, ჩვენ დავიწყეთ საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა, საგამოძიებო კომისიის შექმნა მოხდა და ა.შ. ამიტომ ჩვენ ყველანაირი ინსტიტუციური, სამართლებრივი მექანიზმი შევთავაზეთ და ვთავაზობთ, მათგან იყო უარი და ეს გამოიხატა კონკრეტულ შედეგში ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან დემონსტრაციული კანონის დარღვევით, ამიტომ თუ უბრუნდებიან ისინი კანონის სივრცეს, ჩვენ მივესალმებით და მზად ვართ, თუმცა ამისთვის საჭიროა კონკრეტული ხელშესახები ქმედებები და არა ფრაზები," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის ოპოზიციასთან, თუმცა კანონის უზენაესობის და სამართლის პატივისცემის ფარგლებში.

"პრემიერობის კანდიდატისგან რაც კი წარმოთქმული იქნა, აბსოლუტურად ჯდება იმ ჩარჩოებში, რასაც კანონიერება და სამართლიანობა მოითხოვს, რაც არის ასახვა იმ რეალური შედეგების, რაც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა და ის ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდნენ, პატივს სცემენ თუ არა თავიანთი ამომრჩევლის არჩევანს," - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი პრემიერობის კანდიდატის გამოსვლას და მის განწყობას არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. დავით მათიკაშვილის თქმით, იმ წითელი ხაზის შიგნით, რაც "ქართულ ოცნებას" გაცხადებული აქვს, დიალოგი შესაძლებელია ნებისმიერ საკითხზე.

"რა თქმა უნდა, ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში და რა თქმა უნდა, პარლამენტმა უნდა განაგრძოს მოღვაწეობა იმ მანდატების სპექტრში, რაც საზოგადოებამ გადასცა პოლიტიკურ ძალებს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები