28 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
როგორც კი ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, სტუდენტები უნივერსიტეტის აუდიტორიებს დაუბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პანდემიის დროს სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, კულტურის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სპორტში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. 

მინისტრობის კანდიდატის თქმით, როგორც კი ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, სტუდენტები უნივერსიტეტის აუდიტორიებს დაუბრუნდებიან.

"მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები ჩვეულ გარემოს - საკლასო ოთხს დაუბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო. სკოლებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, გრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

პანდემიის პირობებში, უმაღლესი განათლების მიმართულებით გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ახორციელებდნენ, ძირითადად, დისტანციურ ფორმატში. რასაკვირველია, სასწავლო პროცესისათვის ბუნებრივი გარემო არის აუდიტორია. როგორც კი ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, სტუდენტები უნივერსიტეტში დაბრუნდებიან.

სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები ინოვაციურად მიუდგნენ კულტურული ღონისძიებების საზოგადოებასთან მიტანის საკითხს და ისინი ვირტუალურ და ღია სივრცეებში გადაიტანეს.

შემუშავდა კანონპროექტი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ყოველწლიურად იზრდება სპორტის სხვადახვა სახეობაში საერთაშორისო ტურნირებში მოპოვებული მედლების რაოდენობა,"- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

პარლამენტში 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრებს უსმენენ. დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა უკვე წარუდგინეს ეკატერინე ტიკარაძემ და მიხეილ ჩხენკელმა. უწყების ხელმძღვანელებმა საკუთარ გამოსვლაში აქცენტი გააკეთეს პანდემიის შედეგად არსებულ ვითარებაზე. 

დღის ამბები