28 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის ქმედებაზე, რომელმაც დიაკვანი მღვდლად სინოდის კურთხევის გარეშე აკურთხა, სასულიერო პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრებმა ამ დრომდე არ იციან, როდის შეიქმნება კომისია, რომელმაც ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საკითხზე უნდა იმსჯელოს.

ასევე არ იციან, როდის მოუწევთ ეპისკოპოსებს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის, ზენონის მოსმენა.

მღვდელმთავრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ნაწილი მიიჩნევს, რომ ზენონ იარაჯულს შეცდომა არ დაუშვია, როდესაც განტევების სიგელი ილია ჯინჯოლავას გადასცა, რომელიც შემდეგომ მსოფლიო პატრიარქმა მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. მათ შორისაა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.

"მეუფე ზენონის ქმედება, რომ განტევება მისცა თავის ერთ-ერთ მღვდელს, არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში დღემდე მოქმედ საეკლესიო გამგეობის დებულებასთან. თითოეულ მღვდელმთავარს აქვს უფლება, განუტევოს სასულიერო პირი თავისი ეპარქიიდან და მისცეს მას განტევების სიგელი. თუმცა, იქ არ იყო მითითებული და დღეს განსაკუთრებით გამოიყო, რომ როდესაც უცხოეთში მიდის, მაშინ კათალიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით მოხდეს. ამიტომ, მე აქ მეუფე ზენონის დანაშაულს და გადაცდომას ვერ ვხედავ,"- განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

სასულიერო პირების ნაწილს სხვა მოსაზრება აქვს. ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ უსიამოვნო ფაქტია, როცა სინოდის ნებართვის გარეშე დიაკვანი მღვდლად აკურთხეს.

"ეს ერთი გადაწყვეტილება არაა, ეს მასზეა დამოკიდებული, როგორ შეფასებებს გააკეთებს, მიიღებს თუ არ მიიღებს. ფაქტობრივად, სინოდმა მას გარკვეული შენიშვნა მისცა, ეს არ იყო სასჯელი, უბრალოდ, ჩვენ არ მოგვეწონა ეს საქციელი.

დაინიშნა კომისია. მე რომ პირადად მკითხო, კომისია უკვე ნიშნავს, რომ მათ აქვთ შეკითხვების დასმის უფლება. შეხვდებიან, დაუსვამენ შეკითხვებს, მერე ეს კომისია ჩვენ, სინოდს მოგვახსენებს როგორაა საქმე. თავისთავად უსიამოვნო ფაქტია, რომ ჩვენი ნებართვის გარეშე აკურთხეს იქ დიაკვანი მღვდლად,"-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

დღის ამბები