28 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
გაჭიანურებული სამუშაოები გელათში - წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა

დროებითი გადახურვის სამუშაოების გაჭიანურება გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ტაძრების რისკზე გადის. ამ დროისთვის ღვთისმშობლის ეკლესიაზე სამუშაოები თითქმის დასრულებულია, თუმცა წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა. სალოცავზე სამუშაოები 18 თებერვალს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კალთაა გადახურული. შედეგად, წმინდა გიორგის ტაძარი, ამ დრომდე, თოვლის საფარველქვეშაა.

პრევენციული სამუშაოების გაჭიანურების გამო, "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრები საფრთხეებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გელათის წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობა საფრთხის ქვეშაა.

სამუშაოებს გელათის კომპლექსში შემავალ მთავარ ტაძარსა და წმინდა გიორგის მონასტერზე კომპანია "ბაგინეთი +" ახორციელებს. შემსრულებელი კომპანია ირწმუნება, რომ დროებითი გადახურვა უამინდობის გამო გაჭიანურდა.

ამჟამად წმინდა გიორგის ტაძრის სამხრეთის და ჩრდილოეთის ფერდი არის დახურული. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ტაძრის გადახურვა მხოლოდ პრევენციული ხასიათისაა და რისკი იმისა, რომ ტაძრებში წყალი ჩავიდეს არ არსებობს.

სამუშაოების გაგრძელება გელათის კომპლექსში შემავალ ტაძრებზე კლიმატურ პირობებზე არის დამოკიდებული. სალოცავებზე დროებითი გადახურვის კონსტრუქცია უნდა დასრულდეს და გადახურვაზე წყალგადამყვანი სისტემა უნდა დამონტაჟდეს, რომლის საშუალებით ნალექი სანიაღვრე არხში გადავა. 

დღის ამბები