28 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
საგარეო უწყებამ შეიმუშავა დოკუმენტის პროექტი, რომლითაც განსაზღვრულია 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის გასაკეთებლად მოსამზადებელი ნაბიჯები - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე  შეიმუშავა დოკუმენტის პროექტი, რომლითაც განსაზღვრულია 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის მოსამზადებლად გასავლელი პროცესი, ნაბიჯები და ის ინსტიტუციური სტრუქტურა, რომელმაც აღებული ვალდებულებების დროული შესრულება უნდა უზრუნველყოს. 

ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

საკომიტეტო მოსმენაზე დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან ერთად მუშავდება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი, რომელშიც გაწერილი იქნება მომავალი შვიდი წლისგანმავლობაში საქართველოს მიერ განსახორციელებელი რეფორმები და ის ვალდებულებები, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის აღებული. 

მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს და მის შემდგომ შესრულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების შეფასებისას. ამიტომ სასურველია, რომ დღის წესრიგში მაქსიმალურად აისახოს ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებასაც საქართველო გეგმავს 2021-2024 წლებში.

ხაზი გაესვა 14 იანვარს გამართულ ევროკავშირთან ასოცირებული სამი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის - საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეო კონფერენცია, რომლის დროსაც მხარეებმა შეაჯამეს სამი ქვეყნის პოზიციები 2021 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისა და პარტნიორობის მომავალი პრიორიტეტების შესახებ.

"ტრიოს თანამშრომლობას ევროინტეგრაციის საკითხებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ სამივე ქვეყანამ უფრო უკეთ შეძლოს საერთო პოზიციების მიტანა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებამდე“ - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, 1თებერვალს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრი ქვეყნების დედაქალაქებში დაიგზავნა ასოცირებული ტრიოს ერთობლივი წერილი,რომლითაც სამმა ქვეყანამ გამოხატა საკუთარი პრიორიტეტები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

"წერილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის წინ, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი უნდა განსაზღვროს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ერთობლივი პოზიციით ასოცირებულმა სამმა ქვეყანამ უკვე რამდენჯერმე მიმართა ევროკავშირს, რითაც სამი ქვეყანა თავს იმკვიდრებს როგორც ევროკავშირის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის მქონე ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგანან“ -აღნიშნა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა პარლამენტს დეტალურად გააცნო ის  პრიორიტეტები და იმ საკითხების ნუსხა, რომლებიც, ტრიოს მოსაზრებით,აუცილებლად უნდა გახდეს აღმოსავლეთპარტნიორობის მომავალი საქმიანობის საფუძველი. 

მინისტრობის კანდიდატის მოსაზრებით, სამიტმა აღმოსავლეთ პარტნიორობას უნდა შესძინოს სტრატეგიული მიმართულება და შექმნას ნიადაგი პოლიტიკის შემდგომი განვითარებისთვის. სამიტმა უნდა გახსნას ასოცირებული პარტნიორებისათვის ევროკავშირის ბაზარზე - ევროკავშირის ოთხ თავისუფლებაზე თანდათანობითი წვდომის შესაძლებლობა, რაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კიდევ ერთი საფეხური უნდა გახდეს.

ტრიოს გეგმის თანახმად, პარტნიორობის პოლიტიკამ კიდევ უფრო მეტი დატვირთვა უნდა მისცეს მის ფუძემდებლურ პრინციპს - დიფერენცირების პრინციპს, რომელიც გულისხმობს, რომ პარტნიორობის მონაწილე თითოეულ ქვეყანას საშუალება უნდა ჰქონდეს,საკუთარი მისწრაფებების, მიზნებისა და შესაძლებლობების შესაბამისად განავითაროს ურთიერთობები ევროკავშირთან.

ამასთანავე, მხარეების პოზიციით, მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთპარტნიორობის სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს ასოცირებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებები და ხაზი გაუსვას, რომ ამ ქვეყნებს უფლება აქვთ, მესამე ქვეყნების მხრიდან ჩარევის გარეშე, განახორციელონ საკუთარი ევროპული არჩევანი.

ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა დაადასტუროს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება.

დღის ამბები