28 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
ხელისუფლების ერთპიროვნულად ჩასაგდებად იბრძვის 2 ძალა, პროცესში მონაწილეობა არის საზარელი საქმე - ვახტანგ მეგრელიშვილი

არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგში, როდესაც ენმ-ს ოფისში შეკრებილი ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა მზადყოფნას აცხადებს, რომ ნიკა მელია დაპატიმრებისგან ფიზიკურად დაიცვას, ჩაერთვება თუ არა პროცესებში "გირჩი". ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, პროცესები ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება.

"ჩვენ არ გვინდა ამ პროცესში მონაწილეობა, ამ პროცესში მონაწილეობა არის საზარელი საქმე. ეს არის, ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით, რაც ჩვენ მიგვაჩნდა ყველაზე ცუდ სცენარად, სრული ორპოლუსიანობა. მაგალითად, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის დაგეგმილი სცენარი, რომელიც ორივე მხარეს აწყობს, დღეს ხომ ვაკვირდებით, როგორი ბედნიერია ოპოზიცია, რომელიც ელოდება "ექშენს", რომელიც ხვალ შეიძლება შედგეს. ხელისუფლების ერთპიროვნულად ჩასაგდებად იბრძვის 2 ძალა "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". იყო შანსი, რომ შევსულიყავით პარლამენტში და ყოფილიყო 9 პოლიტიკური პარტია, მაგრამ ამის ნაცვლად, ვიღებთ სიტუაციას, რომ აქეთ რჩება "ქართული ოცნება" და ნებისმიერი იქ შესული, ალეკო იქნება თუ სხვა, ავტომატურად საზოგადოებისთვის თუ ნეიტრალური დამკვირვებლისთვის ხდებიან "ოცნების" მხარე, მეორე მხარე ვინც ენმ-ს ოფისში დგას და აპირებს ფიზიკურად დაიცვას ნიკა მელია და ეს მორალური საქციელი ჩაიდინოს, ფაქტობრივად, გაერთიანდა "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის გარშემო. რაც იყო მიზანი, იმიტომ რომ ამ მიზნის განხორციელებას ორივე მხარე ელტვის," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" მიზანი იყო, რომ ოპოზიცია ენმ-ს გარშემო გაერთიანებულიყო:

"უფრო მარტივი იქნებოდა ყველაზე თქმა, რომ ესენი ყველანი არიან "ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენ, მილიონ ამომრჩეველს ამდენი ხნის განმავლობაში, ხომ დავაჯერეთ, რომ მთავარი ჩვენი მტერი ყოფილა არა ჩვენი უტვინობა და მცდარი გადაწყვეტილებები, არამედ "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში საბოტაჟს ეწევა და ჩვენ გმირულად ვებრძვით და არ ვუშვებთ ხელისუფლებაში. ეს არის სცენარი, რომელშიც ვცხოვრობთ ამდენი წელი," - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღის ამბები