28 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
"ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ღირსების, თავისუფლების დაცვას" - ენმ-ს ოფისში დღეს დილიდან ხალხმრავლობაა

დილიდან ხალხმრავლობაა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, სადაც პარლამენტის გადაწყვეტილებას იმუნიტეტის შეწყვეტასთან დაკავშირებით ნიკა მელია თანაგუნდელებთან ერთად ელოდებოდა. ადგილზე მივიდნენ პარტიის მხარდამჭერები, მელიასთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმყოფება გიგი უგულავაც. ადგილზე ამბობენ, რომ თუ ნიკა მელიას წასაყვანად ოფისში სამართალდამცავები მივლენ, მათ ფიზიკურ წინააღმდეგობას გაუწევენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები "ქართული ოცნების" მხრიდან კუნთების ჩვენების მცდელობაა:

"იყო რაღაც კუნთების ჩვენების მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ აი, ჩვენ აუცილებლად მოვუხსნით ნიკა მელიას იმუნიტეტს და გააკეთეს. ასე იქცევა ყოველთვის მორჩილი პარლამენტი. ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ წინააღმდეგობა გაეწია. მორჩილად მიაჭირეს ხელი ამ ღილაკებს და საბოლოო ჯამში უკვე მეორედ დავინახეთ, რომ ერთი და იგივე სცენარით მიდის "ქართული ოცნება". ის რომ იმუნიტეტი მოეხსნა, არ ნიშნავს, რომ ნიკა მელიას დააპატიმრებენ. ჩვენ უბრალოდ ვაპირებთ, რომ ვიყოთ აქ ოფისში და თუ შტურმით აპირებენ ოფისის აღებას, ეს მათი საქმეა, მაგრამ მე მგონი აქამდე არ მივა საქმე, იმიტომ რომ წინ კიდევ მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელსაც სასამართლო ჰქვია,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ენმ-ს წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, საქმე არა ნიკა მელიას, არამედ ღირსებისა და თავისუფლების დაცვაშია:

"აქ გირაოზე არაა საქმე, აქ არის საქმე თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ თავი დავუხაროთ გავრილოვს. ის, რომ აქ არ არის მხოლოდ ნიკაზე საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რამდენად შეგვიძლია ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება და არ ვიყოთ მონობაში. თუ სასამართლო მიიღებს აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტილებას, ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ღირსების, თავისუფლების, სუვერენიტეტის დაცვას,"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახეებიც.

""ქართული ოცნების" ვერცერთი დეპუტატი, ვინც მართლა გავრილოვის შეკვეთით შეასრულა ეს დავალება ვერ ჩამოირეცხავს პოლიტიკურად ამ ლაქას, რაც დღეს გააკეთეს, რაც შეეხება თუ სასამართლო მიიღებს უკანონო გადაწყვეტილებას და ნიკა მელიას შეუფარდებს დაკავებას, "ნაციონალური მოძრაობამ" რომ სულ არაფერი გააკეთოს და მოიმოქმედოს, უყურებთ თქვენ ოფისში მოდის უამრავი ადამიანი და ყველას აქვს ის განწყობა, რომ არ დაემორჩილებიან უკანონო გადაწყვეტილებას,"- აცხადებს გიორგი ხვედელიანი.

ბოლშევიკებს ადარებს პარლამენტის დეპუტატებს ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე.

"დღეს ეს იყო ბოლშევიკების პერიოდის სახალხო ტრიბუნალის კლასიკური მაგალითი, ჩვენი პოზიცია რჩება ისევ ის, რაც იყო. ანუ ჩვენ ვიძახით, რომ ამ საქმეში ვართ თავიდან ბოლომდე მართლები და შესაბამისად წინ აღვუდგებით იმ უკანონობას, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს მმართველი გუნდი," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ, მისი თქმით, მათი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისთვის, რომ უკანონობა არ დაუშვან.

პარტიის წევრი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" აგონიაშია და ჩიხიდან გამოსავლის მონახვას ცდილობს.

""ქართული ოცნება" დღეს აგონიაში ყველა მეთოდით ცდილობს რაიმე გამოსავალი მონახოს იმ ჩიხური სიტუაციიდან, სადაც ის ყველა ვარიანტში დამარცხებულია. ეს მარცხი მან განიცადა საქართველოს ღირსებასთან, მართალ პროცესთან, ამ პროცესს ჰქვია მელიას პროცესი, ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ქართველი ხალხი," - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

დღის ამბები