28 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
მე-10 მოწვევის პარლამენტში ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

მეათე მოწვევის პარლამენტში ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, ადამიანის უფლებების მიმართულებით არასრულწლოვანთა უფლებები ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია.

"ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო შექმნილია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან ერთად ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე და მისი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის სწორედ ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით აღსრულების კონტროლი, მონიტორინგი და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და სხვა ორგანოებთან ერთად აქტიური მუშაობა," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ იმედი გამოთქვა, რომ მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

"საქართველოს პარლამენტი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ, ერთი მხრივ, მხარი დაუჭიროს ამ საბჭოს ფუნქციონირებას და, მეორე მხრივ, გამოიყენოს სხვა ყველა შესაძლებლობა, რაც მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი ფუნქციები,მათ შორის, ბავშვთა უფლებების კოდექსის იმპლემენტაციაზე ზრუნვა," -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელმა ღასან ხალილმა ახალჩამოყალიბებულ საბჭოს წარმატებული საქმიანობა უსურვა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის საბჭო იქნება ძლიერი ეროვნული მექანიზმი, რომელიც განახორციელებს ბავშვთა კოდექსის აღსრულების ეფექტიანობის ზედამხედველობას.

"გაეროს ბავშვთა ფონდი ულოცავს ყველა ბავშვს საქართველოში პარლამენტში ბავშვთა უფლებების სპეციალური საბჭოს არსებობას. ამ საბჭოს მთავარი ფუნქცია ბავშვის უფლებათა კოდექსის ეფექტიანი განხორციელების მონიტორინგია. კოდექსის ეფექტიანი განხორციელება ნიშნავს, რომ ბავშვების უფლებები არ დაირღვეს, ბავშვთა კეთილდღეობა იყოს მიღწეული და ბავშვებს მიეცეთ მათი პოტენციალის სრულად განვითარების საშუალება. ვულოცავ საბჭოს თავმჯდომარეს და ყველა წევრს და ვუსურვებ მათ დაკისრებული პასუხისმგებლობისთვის თავის საუკეთესოდ გართმევას," -განაცხადა ღასან ხალილმა.

დღის ამბები