28 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ოპოზიცია ნიკა მელიას უკანონო მცდელობების გამართლებას ცდილობს, რომ ფეხქვეშ გათელოს კანონმდებლობა - გივი მიქანაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ნიკა მელიას უკანონო ქმედებების გამართლებას ცდილობს. როგორც გივი მიქანაძე ამბობს, ანგარიშის ნომერი, რომლითაც, მელიამ მასზე დაკისრებული გირაოს თანხა უნდა გადაიხადოს, უნიკალური კოდი არ არის საიდუმლო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის. გივი მიქანაძე ნიკა მელიას ტყუილსა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

"ოპოზიცია ცდილობს გაამართლოს ნიკა მელიას უკანონო მცდელობები, რომ ფეხქვეშ გათელოს კანონმდებლობა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არის წარმოუდგენელი, მით უმეტეს, რომ ჩვენ ახლა ვხედავთ, ზუსტად ერთი საათის წინ, ამ ადამიანმა კიდევ ერთი ავანტიურისტული განცხადება გააკეთა, რომლითაც შეეცადა რომ საზოგადოება შეეყვანა ძალიან სერიოზულ ჩიხში და ასე ვთქვათ, მოეტყუებინა იმის თაობაზე, რომ თურმე ის ანგარიში, რომელზეც შესაძლებელია გირაოს თანხა იყოს გადახდილი, ეს ანგარიში არის საიდუმლო, არ არის საჯარო ხასიათის," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძე ამბობს, რომ მარტივი იქნება იმ ადამიანის იდენტიფიცირება, რომელიც განახორციელებს თანხის გადარიცხვას.  

"ის სცენარი, რომელზეც ჩვენი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა, ეს არის აბსოლუტურად გაშიფრული სცენარი და ჩვენს ქვეყანაში ძალიან მარტივია იმ ადამიანის იდენტურობის დადგენა, ვინც ამ შემთხვევაში თუკი განახორციელებს თანხის გადარიცხვას, ვინ იყო ეს ადამიანი, როგორ მოხდა ამ თანხის გადარიცხვა, შესაძლებელი იყო თუ არა ამის გადარიცხვა.

როგორც მოგეხსენებათ, გენერალურმა პროკურატურამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც ყველა ის დეზინფორმაცია, რომელიც ნიკა მელიამ თავის ბრიფინგზე გააჟღერა, აბსოლუტურად იქნა უარყოფილი და დადასტურებული კონკრეტული მტკიცებულებით, რომ მის მიერ განცხადებული ყოველი განცხადება იყო ტყუილის შემცველი. ამის შემდეგ, საზოგადოებამ განსაჯოს ვინ იტყუება და ვინ ამბობს მართალს.

ყველაზე მეტად დღეს ნიკა მელიას არ უნდა რომ მას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს, ამიტომ ის ყველანაირ მანიპულაციებს იყენებს ამისთვის და ამასთანავე ცდილობს, რომ საზოგადოებას თავი მოაჩვენოს როგორც ე.წ. გმირი," - ამბობს გივი მიქანაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამბობს, რომ ახლა ყველაზე მეტად თავად ნიკა მელიას არ აწყობს, რომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. 

"ნიკა მელია პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარეა, მან ერთი კვირის წინ წარადგინა რამდენიმე ადამიანი, თითქოს პარტიის განახლება განხორციელდა და ის ცდილობს, რომ თავისი ფრთა ააშენოს იმ პარტიაში, რომელიც აბსოლუტურად ძალა გამოცლილია, ნდობა დაცლილია საზოგადოებისგან და ამ პირობებში მისი იზოლირება იმ პარტიისგან, რომლის თავმჯდომარეც ამ ეტაპზე ის არის, კიდევ ერთხელ შეიტანს უფრო მეტ დეზორგანიზებას და აბსოლუტურ ქაოსს ამ პარტიაში და ეს პარტია საბოლოოდ ჩამოიშლება. ამიტომ, ვფიქრობ, ნიკა მელიას თვითონ არ აწყობს, რომ ის აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა," - განაცხადა გივი მიქანაძემ "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 თებერვალს იწურება ვადა, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ მისთვის შეფარდებული გირაო - 40 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურა მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახის პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

 

დღის ამბები