28 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში - რას ითხოვს დეპუტატი, რომელსაც მოთხოვნის მიუხედავად, სადეპუტატო უფლებამოსილებას არ უწყვეტენ

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ასაჩივრებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნის მიუხედავად, საპარლამენტო უფლებამოსილება არ შეუწყდა. ის ფიქრობს, რომ ამით მისი კონსტიტუციური უფლება დაირღვა. ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შესაწყვეტად კიდევ ერთხელ მიმართოს.

"გირჩის" მეორე ბანაკიდან, იაგო ხვიჩიას დეპუტატობაზე უარი ჯერ არ უთქვამს, მაგრამ არც პარლამენტში შესვლას აპირებს, თუკი მისი მოთხოვნა, ნულოვანი ბარიერით პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდება.

პარლამენტში შესვლას არ აპირებენ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დეპუტატები, რომლებმაც მანდატებზე უარი უკვე თქვეს, თუმცა, გასულ კვირას მათი მოთხოვნა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა.

მანდატებზე ოპოზციის უარის მიუხედავად, მმართველ გუნდში საკუთარ გადაწყვეტილებაში - არ შეუჩერონ დეპუტატებს უფლებამოსილება - ანტიკონსტიტუციურს ვერაფერს ხედავენ. 

იმ შემთხვევაში, თუკი დეპუტატები საგაზაფხულო სესიის სხდომათა უმეტესობას გააცდენენ, მათ ხელფასიც ჩამოეჭრებათ და ეს, შესაძლოა, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის საფუძველიც გახდეს. დეპუტატებს დეკლარაციებიც აქვთ შესავსები. მათ ვადა ხვალამდე აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებიან. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ოპოზიციონერი დეპუტატები არ აპირებენ.

საპარლამენტო არჩევნებიდან 3 თვე გავიდა და უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, ჯერჯერობით, მხოლოდ 96 კანონმდებელია. შეიცვლება თუ არა ეს კონფიგურაცია, მხარეების პოლიტიკურ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

დღის ამბები