28 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
დავალებული ვარ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, მხოლოდ ის მიხვდა რაც სჭირდებოდათ ქართველებს - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ერის გაერთიანების გზა გადის ბიძინა ივანიშვილის იმ დაპირებაზე, რომელიც 0%-იან საარჩევნო ბარიერს გულისხმობს.

იაგო ხვიჩიამ მოუწოდა "ქართულ ოცნებას", ბიძინა ივანიშვილის ეს ჩანაფიქრი სწორად გაიგონ.

"ჩვენ ვიცით, რომ "ნაციონალურ მოძრობას" არასოდეს არ მოსწონდა ბუნებრივი ბარიერი, დღესაც კი, ქალბატონი სამადაშვილი ამბობს, რომ ეს ცუდი აზრია და ბარიერი აუცილებლად უნდა იყოს.

მე ზუსტად ამიტომ ვარ, ასე დავალებული ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, ამ დაპირების გამო, რომ მხოლოდ ის მიხვდა, რაც სჭირდებოდა ქართველებს. სხვებმა 5% ბარიერიო, 3%-იო, მაგრამ ჩვენი ხასიათი ყველაზე უკეთ გაიგო ამ ადამიანმა და ზუსტად ისეთი მმართველობითი სისტემა შემოგვთავაზა, რომელიც ჩემი აზრით, ჩვენ ყველაზე მეტად მოგვიხდებოდა. ცუდია, რომ მას საკუთარ გუნდშიც ვერ გაუგეს და სხვა აზრზე გადაიყვანეს, არადა ის სწორ აზრზე იყო.

ახლა მინდა, რომ "ქართულ ოცნებას" და მათ ამომრჩეველს ნაცი არ ვეგონო, რომ არ იფიქრონ, მე რაღაც ისეთს ვითხოვ, რაც არ ეკადრება "ქართულ ოცნებას" და ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, ისეთ რაღაცას ვითხოვ, რაზეც "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე შეუთანხმდა საქართველოს მოსახლეობას. მე "ქართული ოცნების" დღევანდელ მმართველობას ამაში ვთხოვ დახმარებას, რომ მათი წინა თავმჯდომარის დაპირება შესრულდეს და ამაში მე მათ ვთავაზობ, რომ ოპოზიციურ ხმებსაც მოვიტან ამისთვის და კრიზისსაც განვმუხტავ, რადგან მართლა ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეგვიძლია შევთანხმდეთ და დავასრულოთ 9 წლიანი ბრძოლა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობას", რადგან ესენი თუ არ შერიგდნენ, არაფერი არ გვეშველება, სულ ასეთ გაჭირვებაში ვიქნებით, რადგან მთელი ჩვენი ენერგია მიდის ამ ბრძოლაში, ერი ორადაა გაყოფილი და ებრძვიან ერთმანეთს.

არც ბრძოლის მიზეზი არ არსებობს სინამდვილეში და არც არაფერი აქვს ამ ხალხს გასაყოფი, ერთი ლიდერი წასულია, მეორე კიევშია და რაღაცას აკეთებს, მაგრამ ამის გამო შეიძლება ერი ერთმანეთს ხოცავდეს? ერის შერიგების გზა არის ბატონი ივანიშვილის ეს დაპირება. ბატონი ივანიშვილის ამ დაპირებას, აღსრულების შემთხვევაში, მივიჩნევთ ქართველი ერის შერიგების გზად. ხალხი კი ამბობს, რომ ბიძინას აქებსო, მაგრამ სადაც ადამიანი შესაქებია, როგორ არ შეიძლება არ შევაქოთ. "ქართულ ოცნებასაც" მოვუწოდებ, მარტო ის კი არ არის, რომ იძახიან ბიძინა მოგვწონს, გვიყვარს გვწამს და ა.შ. მართლა უნდა გავიგოთ ამ კაცმა სინამდვილეში რა ჩაიფიქრა და მისი აზრი უნდა მოგვწონდეს და ვაფასებდეთ, თორემ პიროვნულად სიყვარული ხომ არ არის მთავარი,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

დღის ამბები