გამოიყენებს თუ არა პროკურატურა ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს ბრალდებულისვე წინააღმდეგ - ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დღეს მოისმინა.
გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 16 თებერვალს გამოცხადდება. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რა მტკიცებულებებს მიიჩნევს სასამართლო დასაშვებად. პროცესს დღეს ესწრებოდნენ ბრალდებულებიც.
"ცუდად იყო ამოჭრილი და გაგებული. არა ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს ისტორიულად, კულტურულად, ეთნოგრაფიულად... მე საუბარი მქონდა იმაზე, რომ ხმამაღალი, პოპულისტური განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს," - აცხადებს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ივერი მელაშვილი.
"საჯარო განცხადება, შესაძლოა, იყოს მტკიცებულება. ჩვენც გვაქვს ანალოგიური ინტერვიუები, განცხადებები მტკიცებულებად წარდგენილი, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. როდესაც შეფასდება ეს მტკიცებულება, მაშინ შეგვეძლება ამაზე საუბარი. გამოძიების დაწყებიდან დღემდე, არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, მათ შორის - ბატონი ივერი მელაშვილის ბრალეულობას," - აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე.
"მათ აქვთ ერთადერთი შუამდგომლობა, ჩვენი მტკიცებულების დაუშვებლობის თაობაზე. ეს ეხება ჩვენ მიერ, უცხოელ ექსპერტებთან დანიშნული ექსპერტიზის დაუშვებლობას, ამბობენ, რომ ამის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ ბრალდების მხარეს, რაც მიგვაჩნია რომ არ არის კანონის სწორი განმარტება და ამით დაირღვევა შეჯიბრობითობისა და თანასწორობის უფლება," - აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
რაც შეეხება ბრლდების მხარეს, პროკურორი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საქმეში წარდგენილი იყოს ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებები.
"ბრალდებული აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორია არასდროს ეკუთვნოდა საქართველოს, მათ შორის, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ეს არის ის პოზიცია, რომელიც დოკუმენტურად დასტურდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, როგორც მტკიცებულება, ეს წარმოდგენილი იყოს," - აცხადებს პროკურორი მიხეილ სადრაძე.
ეს იყო პირველი შეკრება 28 იანვრის შემდეგ, როდესაც ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 20-20 ათასი ლარით გაათავისუფლეს.