28 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ვინ ჩაიბარებს ეპარქიებს - საპატრიარქოში სინოდის სხდომამდე ბოლო კონსულტაციები მიმდინარეობს

ამ წუთებში, საპატრიარქოში მაღალი სასულიერო პირების შეკრება მიმდინარეობს. სავარაუდოდ, კონსულტაციების დასრულების შემდეგ დასახელდებიან კანდიდატები, თუ ვინ ჩაიბარებს ეპარქიებს, რომელთა ხელმძღვანელების ადგილი თავისუფალია. სულ 5 ეპარქიიდან, 4 საქართველოშია, 1 კი გერმანიაში.

შეხვედრას ხელმძღვანელობს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე. შეხვედრას ესწრება მისი მოსაყდრე შიოც. 

სასულიერო პირებმა შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს, თუმცა აღნიშნეს, რომ განიხილება რამდენიმე საკითხი. 

წინასწარი ინფორმაციით, განიხილება კორონავირუსის ვაქცინის საკითხიც, რომლის შესახებაც საპატრიარქოში აზრთა სხვადასხვაობაა. საპატრიარქო ოფიციალურ პოზიციას ხვალ, სინოდის სხდომის შემდეგ გაასაჯაროვებს. 

საპატრიარქოს ანალიტიკოსი, ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ თემასთან დაკავშირებით ყველა ეპისკოპოსს განსხვავებული პოზიცია აქვს.

"ეკლესია არ არის ვაქცინის წინააღმდეგი, ეს არ არის ეკლესიისა და სარწმუნოების საკითხი. ჩვენ 48 მაღალი იერარქი გვყავს, შეიძლება, ვიღაცას სხვა აზრი აქვს, მაგრამ უმრავლესობას აქვს აზრი, რომ ვაქცინა არ არის ეკლესიის საკითხი და მისი გადასაწყვეტი,"-აცხადებს ლევან აბაშიძე. 

მისივე ინფორმაციით, არაა გამორიცხული, საკითხებს შორის მოხვდეს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საკითხიც.

ლევან აბაშიძე ამტკიცებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორაცია პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით, აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება. 

დღის ამბები