28 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
ვაფრთხილებდით უკრაინელ კოლეგებს, რომ საქმე აქამდე მივიდოდა - ნიკოლოზ სამხარაძე

მიხეილ სააკაშვილის საჯარო განცხადებებს, რომელიც საქართველოში უკრაინის ელჩს ეხებოდა და მომდევნო საპასუხო განცხადებებს, რომელიც უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობამ და ასევე, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აფასებენ. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ისინი უკრაინელ კოლეგებს აქამდეც აფრთხილებდნენ, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. 

"ჩვენ ვაფრთხილებდით უკრაინელ კოლეგებს, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. ადრე რომ გაეკეთებინათ ასეთი მკვეთრი განცხადებები, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა. დღევანდელი განცხადება არის საკადრისი პასუხი საკუთარ მოქალაქე სააკაშვილთან მიმართებაში, რომ ის უცხო ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. ამასთან, მან არ უნდა შეურაცხყოს დიპლომატები და არ დაადანაშაულოს ისინი მექრთამეობაში, კორუფციონერობაში და ა.შ,"- აღნიშნავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი კი აღნიშნავს, რომ არ დარჩა საქართველოში ელჩი, რომელიც სააკაშვილის მხრიდან ლამის პერსონა ნონგრანტად არ გამოცხადდა. 

"დარჩა რომელიმე ელჩი საქართველოში, რომელიც არ არის გამოცხადებული მათი მხრიდან ლამის პერსონა ნონგრანტად? - არა, არ დარჩა, რადგანაც ისინი პოლიტიკურ გამოქვაბულში მოექცნენ, სადაც მხოლოდ ჩირაღდნებია დანთებული, რომ რამეს ცეცხლი წაუკიდონ. არანაირი კანონიერება მათ კანონზომიერებაში აღარ არსებობს,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის საჯარო განცხადებებს, უკვე მეორე დღეა ოფიციალური კიევი ემიჯნება.

თუ გუშინ, უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში საჯაროდ თქვა, რომ მიუღებელია ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გეგმავს, დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

აღნიშნულია, რომ მიუღებელია მოწოდებები საქართველოში დაუმორჩილებლობის შესახებ და ეს შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა.

დღის ამბები