28 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
პოლიტიკური ამბიციები, რომელიც საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზეც გადის - ოპოზიცია სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება

პოლიტიკური ამბიციები, რომელიც საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზეც გადის - ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, უკვე მეორე დღეა, ოფიციალური კიევი ემიჯნება.

თუ გუშინ უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში საჯაროდ თქვა, რომ მიუღებელია ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გეგმავს, დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

აღნიშნულია, რომ მიუღებელია მოწოდებები საქართველოში დაუმორჩილებლობის შესახებ და ეს შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა.

საქართველოში კი, ამ განცხადებებს როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციის მხრიდან შეფასებები მოჰყვა. 

ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ისინი შიდა უკრაინულ საკითხში ჩარევას არ აპირებენ.

"ჩემი აზრით, ეს არის შიდა უკრაინული საკითხი და ჩვენ ამაში ჩარევას არ ვაპირებთ და ასევე, მიმაჩნია, რომ ასეთი საუბარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან დაკავშირებით, არანაირი შედეგის მომტანი არ არის ხოლმე,"- განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგი კაპანაძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე კი, ხელისუფლების ქმედებას იხსენებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უკრაინის 2 მეზღვაური უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებული. მისი თქმით, სწორედ ასეთი ნაბიჯები ძაბავს ორ ქვეყნას შორის ურთიერთობას. 

"საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უკანონოდ, როგორც მეკობრეები იქცევიან, ისე ჰყავს დაკავებული 2 უკრაინელი მეზღვაური. სწორედ ასეთი ნაბიჯები ძაბავს ორმხრივ ურთიერთობას და ასეთი ნაბიჯები აშორებს უკრაინასა და საქართველოს და არა ის განცხადება, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ეს მიმართულია იმისაკენ, რომ ამ ორ ქვეყანას მეგობრული ურთიერთობები ჰქონდეს,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე. 

პარტია "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ კი განაცხადა, რომ დიპლომატიურ კორპუსთან საუბრისას სიფრთხილეა საჭირო. 

"ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვესაუბრებით ხოლმე ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ პროცესში, როგორც ქვეყნის იმიჯს, ასევე ელემენტარულ პროფესიულ ეთიკას და ოპოზიციურ იმიჯს. ასეთი ლექსიკა არ არის გამართლებული,"- აღნიშნა პარტია "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ. 

 

დღის ამბები