28 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
3%-იან ბარიერზე მზად ვართ, ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევალთ - არჩილ თალაკვაძე

მზადაა თუ არა ხელისუფლება ჩაერთოს 0-3%-იან საარჩევნო ბარიერთან დაკაშირებით ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში ჩართვის მზადყოფნა უკვე გამოთქმულია მემორანდუმში, რომელიც პარტია "მოქალაქეებთან" გაფორმდა.

"ბატონ ელისაშვილთან მემორანდუმში წერია, რომ ჩვენ საჯარო განხილვებში გვექნება დისკუსია 0-3%-მდე ბარიერთან დაკავშირებით. 3%-ზე მზად ვართ, საქართველო ისწრაფვის ევროპისკენ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საარჩევნო ბარიერი მერყეობს 3-5%-მდე. არცერთ ქვეყანას არ აქვს 0%-იანი ბარიერი, რასაც ამ შემთხვევაში, ბატონი ხვიჩია და მისი თანამოაზრეები ითხოვენ,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

წამყვანის კითხვაზე, რამდენად სწორია ევროპისა და საქართველოს საარჩევნო პირობების შედარება, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო ყველა სფეროში ევროპული სტანდარტის მიღწევას ცდილობს

"როგორც ვადარებთ სხვა სფეროებში, როგორც გვინდა რომ ჩვენმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს საერთაშორისო მოთხოვნები, ზუსტად ასე გვინდა რომ ჩვენი დემოკრატია, ჩვენი საპარლამენტო სისტემა მიესადაგებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს. საპარლამენტო გამოცდილებამ აჩვენა, რომ 3-5% იანი ბარიერი თუ არ იქნება და იქნება დაბალი ან მაღალი, ეს ქმნის პოლიტიკური არასტაბილურობის და სამთავრობო კრიზისების რისკს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეასრულა 8 მარტის შეთანხმება უბარიერო პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ეს შეთანხმება დაირღვა ოპოზიციის მხრიდან, ამიტომ, მმართველ პარტიას უჭირს ოპოზიციის პირობების დაჯერება და არ აპირებს 0%-იან ბარიერთან დაკავშირებით ვაჭრობის დაწყებას.

"რატომ უნდა დავიჯეროთ ახალი პირობა, როდესაც ბატონი ხვიჩია აკეთებდა ერთ განცხადებას და სხვა ოპოზიციონერები სხვას. ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევალთ, იმიტომ რომ არჩევნები ჩატარებულია, ვისაც უნდა შემოსვლა და პარლამენტი აქ არის, კარი ღია დავტოვეთ. არგუმენტები, რომელიც მათ ჰქონდათ, პრაქტიკულად, განეიტრალებულია, პარლამენტის 150 დეპუტატიდან 96 პარლამენტშია და ორი ოპოზიციური პარტია," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები