28 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველო განუხრელად მისდევდა არჩეულ ევროპულ გზას - ევროკომისიის ანგარიში

9 თებერვალს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში გამოაქვეყნეს ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით.

დოკუმენტი ასკვნის, რომ კოვიდ-19 პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველო განუხრელად მისდევდა არჩეულ ევროპულ გზას. აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებდა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვას.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საუბრობს მის აქტიურ ჩართულობაზე კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში. ანგარიშში ხაზგასმულია ასევე მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელსაც ევროკავშირის მხრიდან ძალზე დადებითი შეფასება და მხარდაჭერა აქვს. ანგარიში დადებითად აფასებს ქვეყნის მიერ გაუმჯობესებულ სტატისტიკას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებზე მიერთების მხრივ, რაც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე პოზიციების თანხვედრაზე მიუთითებს.

ანგარიში ასევე ვრცლად ეხება ქვეყანაში 2020 წლის შემოდგომაზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებით, ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, სადაც ზოგადად, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. ამავდროულად ანგარიში დადებითად აფასებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს, რის შედეგადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა და ქვეყანა მყარად დააყენა იმ კურსზე, რომელიც 2024 წლისთვის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. ანგარიში ასევე ადასტურებს რომ საქართველოში მედია გარემო არის პლურალისტური და კონკურენტუნარიანი, მიუხედავად მისი მაღალი პოლარიზებულობისა.

წინამდებარე ანგარიშში საუბარია მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე მთელ რიგ სფეროებში, მათ შორისაა დემოკრატიის კონსოლიდაცია და საარჩევნო კანონმდებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულება, კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვრის მართვა, პირად მონაცემთა დაცვა, საჯარო მმართველობა, ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა, კონკურენციის პოლიტიკა, რეგიონული განვითარება და დეცენტრალიზაცია, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, სტატისტიკა, ფინანსური სექტორი, გარემოს დაცვა, განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციები, ტრანსპორტი და ენერგეტიკა.

ანგარიში ასევე დადებითად აფასებს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების დინამიკას და ხაზს უსვამს ხელისუფლების მიერ გადადგმულ მთელ რიგ საკანონმდებლო ნაბიჯებს, მათ შორის ანგარიში მიესალმება არსებით ცვლილებებს შრომის კოდექსსა და შრომის ინსპექციის სამსახურის შესახებ კანონში, ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კოდექსის ამოქმედებას, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს, ცვლილებებს კონკურენციის შესახებ კანონში, სახელმწიფო შესყიდვებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კანონმდებლობაში; ტყის ახალი კოდექსის მიღებას, რომელიც ტყის მდგრადი მართვის სისტემას აყალიბებს, ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის გატარებას შეუწყობს ხელს და სხვა.

ანგარიშში ასევე საუბარია პანდემიით გამოწვეულ ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ და ფისკალურ გამოწვევებზე. მიუხედავად ამისა, ანგარიში აღიარებს, რომ საქართველომ შეინარჩუნა წარმატებული პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის მსოფლიო ბანკის თანახმად ბიზნეს გარემოს მხრივ ქვეყანა მე-7 ადგილს იკავებს 190 ქვეყანას შორის და ბიზნესის დაწყების სიმარტივის მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად შემცირებული ვაჭრობისა, ევროკავშირი როგორც ერთიანი სავაჭრო ბლოკი, რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქვეყანა აგრძელებს ძალისხმევას ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის აღიარების კუთხით. 

ანგარიშში საქართველო წარმოჩენილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის კუთხით -  "ერასმუს+"-ის ფარგლებში საქართველო წამყვან 10 ქვეყანას შორის არის.

დღის ამბები