28 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
"არ ვაპირებ გაუმართლებელ რეგულაციებს შევეგუო, არც ჯარიმას გადავიხდი" - დაუმორჩილებლობის მარშის მონაწილეები შსს-ში იმყოფებიან

შაბათს გამართული დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეები რამდენიმე საათია, შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან. უწყებაში დაბარებულ ხუთ პირს შორის აქტივისტები და პოლიტიკოსები არიან, მათ შორის, ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება საბა ბუაძე.

6 თებერვალს მოქალაქეების ნაწილი პარლამენტთან შეიკრიბა და ე.წ. კომენდანტის საათის დაწყების მიუხედავად, მსვლელობა მოაწყვეს. როგორც უწყებაში შესვლამდე განაცხადეს, მათ სამართლიანად გამოხატეს პროტესტი პანდემიის გამო გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებზე.

როგორც შენობაში შესვლის წინ განაცხადეს, თუკი უწყება მათ 2000 ლარით დააჯარიმებს, მის გადახდას არ აპირებენ. 

დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა.  

"ჩვენ გვიზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას, ყველაზე ფუნდამენტურ პოლიტიკურ უფლებებს და ვაპროტესტებთ იმას, რომ ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ და ამას მშვიდად არ ვაპირებთ, რომ შევეგუოთ. ვითხოვთ, რომ ეს აბსურდული კომენდანტის საათი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო არის დარჩენილი, აუცილებლად უნდა გაუქმდეს,“ - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.

უწებაში იმყოფება პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თამაზ დათუნაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არცერთი რეგულაცია არ ზღუდავს პოლიტიკური მანიფესტაციის უფლებას.

"ის, რაც ხდებოდა შაბათიდან კვირის ღამემდე, ეს იყო დაუმორჩილებლობის აქტი, შესაბამისად, პოლიტიკური მანიფესტაცია. ამის გამო დაჯარიმება - ეს არის ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ჩვენ დაგვაჯარიმეს, როგორც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამოვხატავდით ჩვენს პროტესტს,“ - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

პოლიტიკური პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლება” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა მოსიაშვილი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს. 

"მე არ ვაპირებ ამათ ყოვლად გაუმართლებელ და ცინიკურ რეგულაციებს შევეგუო. ცხადია, არც ჯარიმას გადავიხდი, მოსალოდნელი იყო, რომ ესე მოხდებოდა. თუმცა, ვაჟკაცი ხალხი რომ ყოფილიყვნენ, იმ აქციაზე მოვიდოდნენ, იქ გამოწერდნენ ჩეკებს და რა პასუხსაც მიიღებდნენ, ნახავდნენ,“ - ამბობს მოსიაშვილი.

როგორც ცნობილია, უწყებაში მისვლა მოუწევთ იმ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მარშში იღებდნენ მონაწილეობას. 

დღის ამბები