28 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
საარჩევნო რეფორმაზე მუშაობაში ასამთავრობოებიც ჩაერთვებიან - "ოცნება" ცვლილებებისთვის პარლამენტში დანარჩენ ოპოზიციასაც ელოდება

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან. 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" რეკომენდაციები 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევას, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების პრევენციასა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას უკავშირდება.

საარჩევნო რეფორმაზე მუშაობაში, სავარაუდოდ, "სამართლიანი არჩევნები" და "საერთაშორისო გამჭვირვალობაც" ჩაერთვებიან. დეპუტატებთან ერთად, ჯგუფში NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებიც მიიწვიეს.

პროექტის კანონად ქცევის შემდეგ უნდა შეიცვალოს ცესკოს თავმჯდომარის არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების წესი. არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება, თვითმმართველობის არჩევნებისთვის კი შეიცვლება პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების თანაფარდობა.

ისინი, ვინც პარლამენტში არ შედიან, ალტერნატიული ჯგუფის შექმნას არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ საარჩევნო საკითხებზე პარლამენტს გარეთ იმუშავებენ. ოპოზიციური ერთობა მემორანდუმზე ხელმოწერას არ აპირებს და მთავარ მოთხოვნად ისევ რიგგარეშე არჩევნებს ასახელებს.

"ქართული ოცნების" დეპუტატები მზად არიან, 2024 წლიდან ბარიერი 0%-მდე დაწიონ, თუმცა ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო. ისინი საარჩევნო რეფორმაზე სამუშაოდ პარლამენტში სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ისევ ელოდებიან.

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის პირველი სხდომა პარლამენტში ორშაბათს უნდა გაიმართოს. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე იგეგმება.

დღის ამბები