28 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
ზაზა გახელაძის ტყვეობა - უკანონო პატიმრის დედა დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს

"თავისუფლება ზაზა გახელაძეს", "რუსეთი ოკუპანტია" - რვათვიანი ტყვეობის უპირობო დასრულებას ამჯერად არასამთავრობო სექტორი ითხოვს. სოფელ ქვემო ჭალაში 34 წლის მამაკაცის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ, თავად კი მესამე სექტორის მობილიზებას და პერმანენტულ ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავენ.

საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს უკანონო პატიმრის დედა. ნანა ბუნტურის თქმით, დე ფაქტო რეჟიმის მიერ მიღებული მძიმე გადაწყვეტილების შემდეგაც, რომელიც ზაზა გახელაძისთვის 12 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, იმედი აქვს, რომ შვილი ოჯახს მალე დაუბრუნდება.

ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რომელმაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მძიმე ხასიათი მიიღო - ასე ეხმაურება სახალხო დამცველის აპარატი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსული კანონმდებლობით მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობას. 

ზაზა გახელაძე გასულის წლის 11 ივლისს დააკავეს. სხვილოს ციხის მიმდებარედ ოკუპანტებმა ის ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. 34 წლის მამაკაცს ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობით, საკუთარ ქვეყანაში არარსებული საზღვრის კვეთას და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას ედავებიან. მას დე ფაქტო სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

დღის ამბები