28 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
შურისძიება 15 წლის შემდეგ - რა კავშირი აქვს პალიასტომის ტბასთან მომხდარ მკვლელობას ფოთის ცენტრში დღეს მომხდარ დანაშაულთან

43 წლის მამაკაცი ფოთში მომსახურების სააგენტოსთან ჩაცხრილეს. გურამ ახალაია შვილს ელოდებოდა, რა დროსაც მას "ტოიტას" მარკის ავტომობილი მიუახლოვდა. ბოროტმოქმედი რამდენიმე გასროლის შემდეგ მიიმალა. ახალაია კი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. 

"კურიერის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 34 წლის რუსლან შალიკაშვილია, რომელმაც შური ძმის მკვლელობისთვის იძია. დანაშაული 2006 წლის იანვარში მოხდა. მაშინ, ოჯახის მტკიცებით, გურამ ახალაიამ გია შალიკაშვილი სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. მოგვიანებით შალიკაშვილის ცხედარი ცეცხლნასროლი ჭრილობით სამართალდამცველებმა პალიასტომის ტბის მიმდებარედ აღმოაჩინეს.

გურამ ახალაიამ საქართველოს ტერიტორია 2006 წელს დატოვა. სამშობლოში მამაკაცი მხოლოდ სამი თვის წინ, დეკემბერში დაბრუნდა. მოკლულის მეუღლის განცხადებით, 15 წლის წინ მომხდარ მკვლელობასთან ახალაიას კავშირი არ ჰქონდა. 

ფოთში მომხდარი მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი დევნის ოპერაციის შედეგად აიყვანეს. 

საქმეზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები