28 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
ფოთში მამაკაცი ჩაცხრილეს - მოკლული გურამ ახალაია მანქანაში შვილთან ერთად იმყოფებოდა

მკვლელობა ფოთში. 45 წლის მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. მოკლული შვილთან და კიდევ ერთ თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მოკლული საქართველოში გასული წლის დეკემბერში დაბრუნდა.

გურამ ახალაიას ცეცხლნასროლი 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. "კურიერის" ინფორმაციით, მოტივი ძმის მკვლელობის გამო შურისძიებაა. 

თვითმხილველთა თქმით, მკვლელობა შსს-ს მომსახურების სააგენტოს შენობ​იდან რამდენიმე მეტრში მოხდა. 

"იყო რამდენჯერმე გასროლა, ჩაცხრილეს მამაკაცი მანქანაში და როგორც ვიცი, ეს იყო ანგარიშსწორება. ზუსტად არ ვიცი არაფერი,"- უთხრა "კურიერს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 2021 წლის 4 თებერვალს ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, 1978 წელს დაბადებული გ.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები