უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი განკარგულებით დაბლოკილი სამი ტელეარხი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს ძირს უთხრიდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, იმ ტელეარხებს, რომლებსაც სანქციები დაუწესდა, უკრაინაში დეზინფორმაციის კამპანიისთვის აქტიურად იყენებდნენ, რაც მიმართული იყო რეფორმებისა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის წინააღმდეგ და აგრესორი სახელმწიფოს ჰიბრიდული გავლენის გასაძლიერებლად.
3 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამ ადგილობრივ ტელეარხს სანქციები დაუწესა. სანქციები და მაუწყებლობის შეწყვეტა შემდეგ ტელეარხებს შეეხო: "112 უკრაინა", NewsOne და ZIK. ამჟამად მათი სატელევიზიო კონტენტი YouTube-ზე არის ხელმისაწვდომი.