პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ე.წ. ფიროსმანის "კახური ღვინოს" საქმეზე ყოფილი მსჯავრდებულების და ე.წ. "ყინწვისის" საქმეზე ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგინდა. პროკურატურის განცხადებით, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდგომ, ფერწერული ნამუშევარი "კახური ღვინო" დაუბრუნდება კანონიერ მესაკუთრეს.
"ე.წ. ფიროსმანის კახური ღვინის საქმეზე ხელახალი და სრულყოფილი გამოძიება ჩატარდა. მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც დადგინდა, რომ ფერწერულ ნამუშევარს "კახურ ღვინოს" არასდროს არ ჰქონია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულ საქმეზე ხუთივე მსჯავრდებული პირის მიმართ დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენი. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ე.წ. ყინწვისის საქმეზე 12 მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგინდა," - განაცხადა საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 ყოფილი პატიმრის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა განაჩენის გადასინჯვა 2018 წელს მოითხოვა. 2011 წლის მაისში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლებმა 24 კაციანი დაჯგუფება დააკავეს, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობის ბრალდებით. ოფიციალური ინფორმაციით, 24 ადამიანისგან შემდგარ დაჯგუფებას საქართველოს ყოფილი შს მინისტრი თემურ ხაჩიშვილი ხელმძღვანელობდა.