28 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
"ოცნება" უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს ამ მემორანდუმით რაც ელისაშვილმა წარმოადგინა, ვიდრე სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ განიხილებოდა - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებელმა" შეისწავლა, რაზე საუბრობდა ოპოზიცია ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რაზე შეთანხმდა მმართველის გუნდი ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეებთან".

 "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ "დღის კურიერში" პარტიის მიერ აღმოჩენილ განსხვავებებზე ვრცლად ისაუბრა. ჩიხლაძემ "ქართული ოცნების" და "მოქალაქეების" შეთანხმების ზოგიერთ პუნქტს სახიფათო უწოდა. 

"მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რომ ყველა მომავალი არჩევნები იყოს სრულად პროპორციული, არ კონკრეტდებოდა თარიღი. ელისაშვილის დოკუმენტში ეს არ არის და თუ 2021, ან 2022 წელს ვადამდელი არჩევნები შედგება და მე დარწმუნებული ვარ, შედგება, ისევ 120/30 პროპორციით ჩატარდება და არა სრულად პროპორციული, ეს განსხვავება არის.

განსხვავებაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმ დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ ფასილიტატორი ელჩების საშუალებით წინა რაუნდებზე ვიღებდით, ლაპარაკი იყო, რომ ყველა მუნიციპალიტეტში თანაფარდობით, 4/1-ზე მომხდარიყო. ელისაშვილის დოკუმენტში არის თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი ფოთი 4/1-ზე და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 2/1-ისა. აქაც განსხვავება არსებობს. 

ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებით. ყველა დონის საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო წევრები პარტიიდან, ჩვენი ვარიანტი იყო 8 საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის წარმომადგენელი და პლუს 5-7 წევრი პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. "მოქალაქეების" ვარიანტში ეს 8 საუკეთესო პარტია არ არის და არის პარტიები, რომლებიც მანდატებით სარგებლობენ. ამ მოცემულობით, კომისიის წევრი ეყოლებოდა მხოლოდ ელისაშვილს და "ქართულ ოცნებას" და ჩვენთან უფრო წარმომადგენლობითი იყო. ეს 8 პარტია, შესაძლოა, საპარლამენტო პარტიაც არ ყოფილიყო, შედეგების მიხედვით უფრო ყოვლისმომცველი და წარმომადგენლობითი იქნებოდა,"-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

მისივე განმარტებით, პროფესიული ნიშნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება დარჩა იმავე მექანიზმით, რომელიც აქამდე იყო.

"კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ჩანაწერია "მოქალაქეების" მემორანდუმში, რომ პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მანდატებით სარგებლობენ, დანიშნონ თითო დროებითი წარმომადგენელი ცესკოში, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით ისარგებლებენ. ეს ძალიან სახიფათო ჩანაწერია, უნდა განიმარტოს, რა არის სათათბირო ხმის უფლება. არის ეს ხმის მიღების, გადაწყვეტილების უფლება, თუ უბრალოდ, სათათბირო," განაცხადა "დღის კურიერში" სერგო ჩიხლაძემ. 

მისივე თქმით, ელისაშვილსა და იოსელიანს, პოლიტიკური გამოუცდელობით შეაჩეჩეს ეს მემორანდუმი.

""ქართული ოცნება" უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს ამ მემორანდუმით, რაც ელისაშვილმა წარმოადგინა, ვიდრე მეოთხე რაუნდზე სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ განიხილებოდა. შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი ვადამდელ არჩევნებზე და ეს არის უდიდესი წყალგამყოფი ელისაშვილსა და დანარჩენ ოპოზიციას შორის,"-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები