28 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
უცხო ქვეყნის ID ბარათი 5680 დოლარად - "შეცვალეს" დამფუძნებლის სახლიდან პირადობის დამადასტურებელი ათეულობით ყალბი საბუთია ამოღებული

უცხო ქვეყნის ID ბარათი 5680 დოლარად. მოძრაობა "შეცვალეს" დამფუძნებლის და წარსულში, პაატა ბურჭულაძის პარტიის მერობის კანდიდატის სახლიდან პირადობის დამადასტურებელი ათეულობით ყალბი საბუთია ამოღებული. ვახტანგ ბერიძე მოქალაქეს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში უპრობლემოდ შესვლას და ცხოვრებას ჰპირდებოდა. შსს-მ გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ბრალდებული ვახტანგ ბერიძე მოქალაქეს ყალბი დოკუმენტების დამზადების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას ართმევს.

რაც შეეხება ვახტანგ ბერიძის საქმიანობას, ის ამჟამად სამოქალაქო სექტორს - მოძრაობა "შეცვალეს" წარმოადგენს. სხვადასხვა პერიოდში ის სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობდა. სოციალური ქსელის პირად გვერდზე იძებნება მისი ფოტოები პოლიტიკოსებთან. 2019 წელს ბერიძე ხულოში პარტიის ​"სახელმწიფო ხალხისთვის" კენჭს იყრიდა, ის პაატა ბურჭულაძის პარტიის მერობის კანდიდატი იყო. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მას იცნობენ, თუმცა ვერ იხსენებენ, ახლა რომელ ორგანიზაციას წარმოადგენს. მოძრაობა "შეცვალეში" კი უარყოფენ, რომ ბერიძე მათი წევრია.

მიუხედავად ამ უარყოფისა, "კურიერმა" გაარკვია და მოიძია დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ ვახტანგ ბერიძე მოძრაობა "შეცვალეს" არათუ რიგითი წევრი, არამედ მისი დამფუძნებელია. არც დაკავების და არც მისი საქმიანობის დეტალებზე არ საუბრობს ბერიძის ოჯახი, მეზობლები ბერიძის დაკავებას მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებენ.

ვახტანგ ბერიძეს გამოძიება თაღლითობის მცდელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები