28 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადა განახორციელებს აცრებს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინით, პირველ რიგში, აიცრებიან ის სამედიცინო მუშაკები, რომელთაც ინფიცირებულ ადამიანებთან შეხება აქვთ. მისივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებები თვითონ ახდენენ პრიორიტეტიზაციას, რის შემდეგაც მონაცემებს სპეციალურ პორტალზე ტვირთავენ. 

"საქართველოში75 000 მედიცინის მუშაკი მუშაობს, აქედან, ჩვენს გეგმაში სამიზნე გახლავთ 49 000 – 60%, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვენი სამიზნე, ამ წლის განმავლობაში, არის 60%. უკვე დაწყებულია მათი მონაცემების შეკრება. დღეს დილით 27 000 მონაცემი იყო სპეციალურ პორტალზე ატვირთული, სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომლებიც მიცემული ინსტრუქციის მიხედვით თვითონ ახდენენ პრიორიტეტიზაციას, მაღალი პრიორიტეტის, ანუ, ვინც უშუალოდ კოვიდავადმყოფებთან მუშაობენ, საშუალო და დაბალი პრიორიტეტის ადამიანები.

შემდგომ პროცესი აეწყობა ისე, რომ ეს მონაცემთა ბაზა შედარდება კოვიდინფიცირებულთა მონაცემთა ბაზასთან და ვისაც გასული წლის განმავლობაში დადასტურებული ჰქონდა კოვიდინფექცია, მინისტრის ბრძანება გულისხმობს, რომ კოვიინფექციის დადასტურებიდან 3 თვის შემდეგ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანების აცრა. კოვიდინფექცია არ წარმოადგენს წინააღმდეგ ჩვენებას აცრის, მაგრამ მწვავე ან ქვემწვავე პერიოდში, ანუ გადატანის შემდგომ დავთქვით, რომ  3 თვის განმავლობაში ნუ ავცრით ამ ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანებიც გამოაკლდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ.

"მოგეხსენებათ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და ჩვენ ველოდებით, რომ შეირჩევა სწორედ ეს ჯგუფი, დაახლოებით 14 000 ადამიანი, ვინც პირველ ეტაპზე აიცრებიან. რადგან ეს არის Pfizer-ის ვაქცინა და ის საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას -70-80 გრადუსზე, ამის საშუალება დღეს ჩვენ გვაქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამიტომ, შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადება კონტროლის ცენტრის თბილისის სასაწყობე მეურნეობაში, ასევე, ქუთაისსა და ბათუმში. ეს ვაქცინა, უკვე გალღობის შემდეგ, 5 დღის განმავლობაში, შეიძლება შეინახოს ჩვეულებრივ, მაცივრის ტემპერატურაზე, ამიტომ, ზუსტი გათვლები იქნება. ამ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება.

სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ. თითოეული ბრიგადა შედგება 3 ადამიანისგან - ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას, სპეციალურად შემუშავებული კითხვარით და ასევე, რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში შეაქვს შემდგომ პიროვნების მონაცემები. თითოეული ბრიგადისთვის გათვლილია, რომ უნდა აიცრას 40-42 ადამიანი. შესაბამისად, დღის განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ აიცრება 1 000-მდე ადამიანი ამ 40 ბრიგადის მიერ. ამ 14 000 ადამიანის 1 აცრას, დაახლოებით, ვანგარიშობთ, დასჭირდება 2 კვირა.

3 კვირის შემდეგ კიდევ თითოეული ადამიანი დაბარებული იქნება. შეხსენება მიუვა SMS-ით, ასევე, მიეცემა სპეციალური ფორმა, რომ 3 კვირის შემდეგ ისევ უნდა მოვიდეს და ვაქცინის მე-2 დოზა გაიკეთოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კოვიდის საწინააღმდეგო აცრები საქართველოში უკვე თებერვალში დაიწყება. გაგრძელდება, პირველ რიგში, ისევ პრიორიტეტული პირველი ჯგუფის - სამედიცინო პერსონალის აცრა, შემდეგ ამას უკვე მოჰყვება მოხუცთა სახლების ბინადრები და მათი  მომვლელი პერსონალი და შემდეგ უკვე ასაკობრივი გრადაციაა - 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და ა.შ."-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები