28 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
რომელი ლიდერები არ გეგმავდნენ პარლამენტში შესვლას მოლაპარაკების მიუხედავად - ოპოზიციაში განმარტებებს აკეთებენ

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, "ოცნებასთან" მოლაპარაკების მიუხედავად, რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი არ გეგმავდა პარლამენტში შესვლას. ზურაბ ჯაფარიძის ამ განცხადებებს დღეს ოპოზიციურ სპექტრში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

ოპოზიციის წევრები დეტალურად ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად აუცილებელია, მათი მოთხოვნები შესრულებული იყოს.

ოპოზიციის წევრების თქმით, თუ ხელისუფლება მათი მოთხოვნების ლეგიტიმურობას მიიღებდა, მაშინ ბოიკოტიც შეწყდებოდა.

"ასეთი პარტიები, ასეთი ცალკეული დეპუტატები ნამდვილად შეიძლება არის და იყოს. ამაზე საუბარს, ჩემი აზრით, ახლა აზრი არ აქვს. "სტრატეგია აღმაშენებელი" ნამდვილად არ განეკუთვნება იმ პოლიტიკურ ძალთა დაჯგუფებას, თუ იმ პოლიტიკურ ძალთა ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ შეთანხმება რომც შედგეს, მაინც არაფერს არ მოვაწერთ ხელს. ნამდვილად არ ვართ ასეთი პოზიციის მატარებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვნია, შედგეს ისეთი შეთანხმება, რომელიც მისაღები იქნება ხალხისთვის და ჩვენი მხარდამჭერებისთვის," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

"ან დაადასტურონ ეს განცხადება ზურასი, ან უარყონ. იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ეს იქნება მოტყუება საზოგადოების, ან ელჩების,რადგან უბრალოდ წარმოუდგენელია ჩვენ ასეთი პოზიციით გავსულიყავით. ეს არასდროს არ იყო "გირჩის" პოზიცია," - განაცხადა "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა და დასძინა, რომ მას მსგავსი პოზიცია არც ზურაბ ჯაფრიძისგან სმენია, როცა მოლაპარაკებებზე ერთად დადიოდნენ.

"თუ ყველა მოთხოვნა შესრულდებოდა, რომელიც იყო მოლაპარაკების მაგიდასთან, რა თქმა უნდა, შეწყდებოდა ბოიკოტიც," - ამბობს თავის მხრივ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი.

"მოლაპარაკების დროს იყო ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, რომელიც 4 პუნქტზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც, არ შედიოდნენ დაუყოვნებლივ პარლამენტში. მე ვესწრებოდი ყველა შეხვედრას და შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი კოლეგები კი არ ამბობდნენ, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, არამედ ისინი ამბობდნენ - თუ ჩვენ მივაღწევდით შეთანხმებას 4 პუნქტთან მიმართებაში, შეესრულებინა ჯერ "ქართულ ოცნებას" ეს 4-ვე პუნქტი და მერე შევიდოდნენ ისინი პარლამენტში," - განაცხადა "ლელოს" წევრმა ბადრი ჯაფარიძემ.

"თუ ჩაინიშნებოდა ხელახალი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაცია შეიცვლებოდა და ყველა  პოლიტიკური პატიმარი დატოვებდა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, მაშინ "ევროპული საქართველო" არ არის გიჟებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც დაიწყებდა ფეხების ბაკუნს, რომ  "არა, მაინცდამაინც ქუჩაში უნდა ვიყო". პირიქით, მძიმე გადაწყვეტილებაა, როცა პარლამენტში არ შედიხარ, მათ შორის ქვეყნისთვის. თუკი ყველა პირობა იქნებოდა შესრულებული, ჩვენ აუცილებლად ვიქნებოდით პარლამენტში," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

რაც შეეხება პარტია "მოქალაქეების" ლიდერისა და პარლამენტის წევრის, ალეკო ელისაშვილის პოზიციას, მისი განმარტებით, აღნიშნული ე.წ. საბოტაჟის მომხრე შიდა ოპოზიციაში იყო "ევროპული საქართველო".

"მთავარი ამრევები ვინც არიან ისინი, ასჯერ მაქვს ნათქვამი... "ნაციონალურ მოძრაობას" მოლაპარაკებაზე ასეთი პოზიცია არ ჰქონია. გრიგოლ ვაშაძეს ასეთი პოზიცია არ ჰქონია. ამრევები ვინც არიან და ყველაზე ხელმოცარულები არჩევნებით, ის პარტია მაგას ამბობდა ზუსტად. ვინც მოლაპარაკებას ესწრებოდა, ის," - აღნიშნა "მოქალაქეების" წევრმა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები