28 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
თუ ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენენ, უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდებათ - ირაკლი ქადაგიშვილი

მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხი ჩააგდო, ოპოზიცია კანონის დარღვევაზე ალაპარაკდა.

"ქართული ოცნების" წევრები რეგლამენტის დარღვევას კატეგორიულად უარყოფენ. 

"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა გამოიყენა კონსტიტუციური მექანიზმი საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ. 

"ეს იყო გადაწყვეტილება საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ. როდესაც ამომრჩევლის 39%-ის წარმომადგენლები პარლამენტში მუშაობაზე უარს აცხადებენ, საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ამას უნდა დავუპირისპიროთ საპარლამენტო პროცედურა, მექანიზმი, კონსტიტუციაში ჩაწერილი გარანტია საბოტაჟის წინააღმდეგ. დამატებითი არგუმენტები, რა თქმა უნდა, იყო საქართველოს პარლამენტის მოწოდება და თხოვნა; დამატებითი არგუმენტი და ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორი იყო ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მოწოდება. ჩვენ არ ველოდებით, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ შემოვლენ პარლამენტში, მაგრამ იქ არის უამრავი ადამიანი, რომლებიც დღემდე არ ჩნდებიან ტელეკამერებთან. ჩვენ, ერთის მხრივ, ინფორმაციაზე დაყრდნობით და, მეორე მხრივ, აბსოლუტურად გონივრულ ვარაუდზე დაყრდნობით ვფიქრობთ, რომ მათ დავუტოვოთ შანსი თავისი შეხედულების შესაბამისად,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რეგლამენტი არ დარღვეულა, რადგან კონსტიტუციაში არ არის პირდაპირი მითითება მსგავსი მოთხოვნების ავტომატურად დაკმაყოფილების შესახებ.

მისივე ინფორმაციით, ოპოზიციონერ ხელფასიდან ჩამოეჭრებათ თანხა გაცდენილი სესიების შესაბამისად; ამასთანავე, კონსტიტუციის თანახმად, თუ ისინი გააცდენენ სხდომების ნახევარზე მეტს, ავტომატურად შეუწყდებათ უფლებამოსილება. 

"რეგლამენტი არ ირღვევა. გასაგებია, რომ ეს არის მათი ნება, მაგრამ, ამავდროულად, ითხოვს კანონი და კონსტიტუცია, რომ პარლამენტმა მათი ეს ნება ან დაადასტუროს, ან არა, იქ არ წერია, რომ პარლამენტმა ავტომატურად უნდა დაადასტუროს. პარლამენტმა არც მხარი დაუჭირა და არც უარი თქვა, უბრალოდ, თავი შეიკავა ამ საკითხზე კენჭისყრისაგან.

ისინი არ არიან ბოიკოტის რეჟიმში, ისინი იყვნენ საბოტაჟის რეჟიმში, ჩვენ ეს დავაფიქსირეთ. გამომდინარე აქედან, რამდენ სხდომასაც გააცდენენ, როგორც არის გათვალისწინებული რეგლამენტით, იმდენი ხელფასი ჩამოეჭრებათ და, ამავდროულად, კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ თუ დეპუტატები საპარლამენტო სესიების ნახევარზე მეტს გააცდენენ, მათ უწყდებათ უფლებამოსილება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მათი განცხადების გარეშეც დადგება საკითხი მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ეს იქნება საშემოდგომო სესიის გახსნისთანავე,"-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანომ არ დააკმაყოფილა 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

დღის ამბები