28 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
საეჭვო სახელმწიფო შესყიდვები COVID-19-ის პერიოდში - IDFI ანგარიშს აქვეყნებს

საეჭვო სახელმწიფო შესყიდვები COVID-19-ის პერიოდში - საეჭვო ფაქტებზე არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI საუბრობს.

"თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 22 ივლისიდან 30 სექტემბრის პერიოდში გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმდა 235 ხელშეკრულება, რომელთა საერთო ღირებულება 11 მილიონს აღემატება. ორგანიზაცია შესყიდვის მიზნობრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

"ბევრი შემთხვევა გამოიკვეთა ისეთი, როდესაც გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები, რომელიც უფორმდებათ ისეთ პირებს, რომლების არიან მმართველი პარტიის თანამდებობის პირების ნათესავები ან მათი ბიზნესპარტნიორები, რაც, ცხადია, აჩენს კითხვებს, ხომ არ იყო გამოყენებული ეს მათი კონტაქტები, რომ სწორედ გამარტივებული შესყიდვით, კონკურსგარეშე მიეღოთ ეს ხელშეკრულებები. სწორედ ამიტომ, ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ როცა გამარტივებული შესყიდვით ხდება ასეთი დიდი თანხების განკარგვა, სასურველია, რომ ხელმისაწვდომი იყოს უშუალოდ შერჩევის პროცედურა, თუ რატომ გადაწყვიტეს შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ესა თუ ის კომპანია ან ინდმეწარმე შეერჩიათ, რომ შემდეგ არ გაჩნდეს კითხვები, თუ რატომ არის მაინცდამაინც თანამდებობის პირის ნათესავი ის, ვისაც გაუფორმდა ხელშეკრულება," - აცხადებს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" ანალიტიკოსი, ანგარიშის ავტორი მარიამ გოგიაშვილი.

ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა ახმეტის მუნიციპალიტეტში განხორციელებული შესყიდვებიც. როგორც IDFI ანგარიშში წერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ    34 000 ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა შპს "მეგარონს", სოფელ ზემო ალვანის №2 და №3 საბავშვო ბაღების საპირფარეშოების რეაბილიტაციისათვის. კომპანიის დირექტორია ზურაბ ქაფიანიძე. მისი მეუღლე ოლია ხოხობაშვილი ახმეტის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსია. მისი 2014 წლის დეკლარაციის თანახმად, ქაფიანიძე ახმეტის საკრებულოს ფრაქცია "ახმეტელების" თავმჯდომარე იყო, ამავე პერიოდში კი მისი შვილი, ბექა ქაფიანიძე "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ლოჯისტიკისა და მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ქაფიანიძე ინდივიდუალური მეწარმეცაა და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს ახმეტის მუნიციპალიტეტისგან 2014-2015 წლებში აქტიურად იღებდა. შპს მეგარონს 2019-2020 წლებში გამარტივებული შესყიდვებით 123 000 ლარზე მეტი აქვს მიღებული, შემსყიდველი კი ყველა შემთხვევაში ახმეტის მუნიციპალიტეტია.

რაიმე სახის კორუფციას უარყოფს ახმეტის მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი და აცხადებს, რომ დაჩქარებული წესით შესყიდვა მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ბაღების საპირფარეშოების  რეაბილიტაცია და პრობლემის მოგვარება დროულად მოსწრებოდა.

ორგანიზაციის ანგარიშს გამოეხმაურა შპს "მეგარონის" დირექტორის მეუღლე ოლია ხოხობაშვილიც, რომელიც ახმეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსია. მისი თქმით, მისი მეუღლე ათეული წლებია სამშენებლო ბიზნესშია და ეს მის სამსახურს და თანამდებობას არანაირად არ უკავშირდება.

დღის ამბები