28 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
მოვუწოდებ ოპოზიციას მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს, ასევე უმრავლესობას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. 

პრეზიდენტმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა არ მიეცენ ერთპარტიული მმართველობის ცდუნებას და ოპოზიციას დაფიქრებისთვის დრო მისცენ. ოპოზიციას კი მოუწოდა პატივი სცენ ამომრჩევლის მიერ, მათ მიმართ მინიჭებულ მანდატებს და ის შესაბამისად გამოიყენონ. 

"როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი მინდა დღეს, მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნამდე, მოგმართოთ ყველას, ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, საზოგადოებას, რომელიც გვისმენს. 

ამ ბოლო პერიოდში საქართველო სრულ საპარლამენტო სისტემაზე გადავიდა. უკანასკნელი არჩევნებით საზოგადოებამ მრავალპარტიული არჩევნები აურჩია, რაც დემოკრატიულობის ახალ საფეხურს წარმოადგენს. ამ სისტემას კი, სრულყოფილად ამოქმედება სჭირდება. დრო აღარ ითმენს. პანდემიისგან წარმოქმნილი კრიზისი მოითხოვს ეფექტიან პარლამენტს და ყველასგან საქმიან მიდგომას. პოლიტიკური დაპირისპირება კი ვერ პასუხობს ამ რთულ გამოწვევებს. ერთიანობის და სოლიდარობის დრო დგება.

ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ოპოზიციას ეკისრება დიდი როლი: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა პარლამენტში - 60 მანდატი 150-დან, 8 ოპოზიციური პარტია. 
არასოდეს ჰქონია ასეთი მრავალფეროვანი და რეალური ბერკეტები: ფრაქციების შექმნა, სხვადასხვა თანამდებობების დაკავება, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ადგილი. მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლებები: როგორც მაგალითად მინსიტრების ინტერპელაციის წესით დაბარება, საგამოძიებო კომისიის შექმნა, მუდმივმოქმედ სათათბირო საბჭოებში, ნდობის ჯგუფში და საპარლამენტო დელეგაციებში მონაწილეობა. უარის თქმა ასეთ ბერკეტებზე და რეალურ გავლენაზე, პოლიტიკურად ცოტა არ იყოს გაუგებარია, მით უმეტეს ახლადშექმნილი პარტიებისგან. ამ როლთან ერთად, ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც გამარჯვებას დაპირდა და არა ქუჩაში დგომას. დაპირდა საპარლამენტო ტრიბუნიდან ალტერნატიული პოლიტიკური პოზიციების წარდგენას და არა ბოიკოტით შესრულებას. ოპოზიციის ამომრჩევლების უმრავლესობა მხარს უჭერს ასეთ აქტიურ ჩართულობას. დღეს, ამომრჩევლების ნდობა სასწორზე დგას. უმრავლესობის პასუხისმგებლობაც დიდია, მას არანაკლებ სჭირდება ოპოზიცია, რომელიც გადაწყვეტილებებს კითხვისა და კრიტიკის ქვეშ დააყენებს. უმრავლესობის მოქმედებას ოპოზიციის გარეშე, შეცდომის დაშვების მეტი რისკი ახლავს, სამაგიეროდ, საპარლამენტო დებატის რეჟიმი თუნდაც მძაფრი და ზოგჯერ დაუნდობელი, არამხოლოდ არსებული კრიზისის მართვისთვის გვჭირდება, არამედ არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი გამოწვევების დასაძლევად. როგორიც არის კონფლიქტების მოგვარება, განვითარების ახალი გრძელვადიანი გეგმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩასატარებელი რეფორმების დაგეგმვა. ეს მიზნები მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით თუ მიიღწევა. 

ახლახანს ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს, სწორედ ასეთი მკაფიო გზავნილი მოვისმინე. არავის გამოუთქვამს აზრი, რომ საქართველოს სჭირდებოდეს ან ახალი არჩევნები, ან ქუჩის პროცესები ან კიდევ გაუთავებელი დაპირისპირება. პირიქით, ჩვენგან ყველა მეტ სტაბილურობასა და თანმიმდევრულობას ელოდება მთავარი მიზნების მისაღწევად. ამის მომტანი უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტი. სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია. ამიტომ, მინდა დღეს ორივე მხარეს გონივრული გადაწყვეტილებებისკენ მოვუწოდო, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი. ოპოზიციას რათა დაფიქრდეს, პატივი სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს, უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი და მას ჩვენ პატივი უნდა ვცეთ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები