28 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
დარჩება თუ არა საბოლოოდ პარლამენტს გარეთ 51 ოპოზიციონერი - მანდატების გაუქმებისთვის ბოლო ვადა ხვალ იწურება

გაუუქმებს თუ არა ოპოზიციას საპარლამენტო მანდატებს მმართველი გუნდი - როგოც "გირჩში" ამბობენ, მანდატები არ გაუქმდება, რადგან ამით ყველაფერი აზრს დაკარგავს და შეთანხმების პერსპექტივაც უბრალოდ გაქრება.

სწორედ ამიტომ, დღეს პარტიამ "ქართულ ოცნებას" თხოვნით მიმართა, რომ ოპონენტებს კეთილი ნების ჟესტი დაანახონ და მანდატების გაუქმებაზე უარი თქვან - ეს კი მათთვის დამატებით შესაძლებლობასთან ერთად, დამატებითი დროცაა შედეგის მისაღწევად. წინააღმდეგ შემთხვევაში გირჩის 2 წევრი უკვე ხელმოწერილი დოკუმენტების პარლამენტში დარეგისტრირებას აანონსებს, რითიც სხვების მსგავსად ისინიც უარს იტყვიან მანდატებზე, ანუ დახურავენ იმ შესაძლებლობის ფანჯარას, რაც აქამდე ღიად დატოვეს.

მმართველ გუნდს კი ოპონენტებზე სამსჯელო აქვს, ჯერ პოლიტსაბჭოს, შემდგომ კი უმრავლესობის ფორმატში.

"ოცნება" არ მალავს, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე მანდატების გაუქმებას გუნდის ყველა წევრი არ იზიარებს, ნაწილი კი პირიქით, ოპოზიციის მოთხოვნის შესრულების მომხრეა.

რომელი აზრი გადაწონის, ამას ხვალინდელი კენჭისყრა აჩვენებს და ასევე პოლიტიკური პროცესების მომავალს განსაზღვრავს.

"ოცნების" ბოლო პოზიცია ისაა, რომ ამომრჩევლის ნების აღსრულებისთვის ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული, რაც პარლამენტში ყველა არჩეული დეპუტატის ხილვას გულისხმობს. 

დღის ამბები