
მეორე ფრონტის გახსნა და საერთაშორისო ფონდების ჩართულობა საქართველოზე ზეწოლის მიზნით - სახელისუფლებო გუნდში დღეს ე.წ. დიფ სთეითის მხრიდან განხორციელებული შანტაჟის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველოს მთავრობას საომარი მოქმედებების დაწყებას, იმ ამერიკული ფონდის დირექტორი სთხოვდა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა - ამის შესახებ პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მმართველ გუნდში მოქალაქეებისთვის ნათქვამ სიმართლეს უწოდებენ. ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ", შანტაჟის მიუხედავად ქვეყანას ნგრევა და ეკონომიკური კოლაფსი აარიდა.
2022 წლის თებერვლის მოვლენებზე, ვრცლად პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, როგორ ითხოვდა ხელისუფლებისგან, თუნდაც პარტიზანულ ომს რუსეთთან ტრამპის მიერ დახურული ერთ-ერთი ფონდის ხელმძღვანელი. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო ინტერესების დათმობაზე უარმა, ხელისუფლებაზე ზეწოლა და ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა გამოიწვია.
მეორე ფრონტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებები არ სჯერათ ოპოზიციაში. პოლიტიკოსების აზრით, დახურულ კარს მიღმა მსგავსი შინაარსის მოთხოვნების დაყენება გამორიცხულია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ფონდები რომელთა საქმიანობასაც ახლა შტატების ხელისუფლება სწავლობს, მხოლოდ კეთილშობილური მიზნებით მოქმედებდნენ.
ოპონენტების მხრიდან "იუესეიაიდისა" და "ნედის" პოზიციების დაცვა, საპარლამენტო უმრავლესობისთვის კანონზომიერია. კანონმდებლების თქმით, ოპოზიცია, წლების განმავლობაში, სწორედ ამ ფონდებიდან წამოსული თანხებით ფინანსდებოდა.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ომი სამ წელზე მეტია გრძელდება და მას ასიათასობით მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დანგრეული და განადგურებულია ათეულობით ქალაქი.