
პრემიერ-მინისტრი თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკურ მარცხს უწინასწარმეტყველებს, ამის თქმის საფუძველს კი საპარლამენტო არჩევნების შედეგები აძლევს. ირაკლი კობახიძემ მერობის კანდიდატზეც ისაუბრა - თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკურმა საბჭომ უნდა მიიღოს, თუმცა მისთვის კახა კალაძე უალტერნატივოა.
იბრძოლებს თუ არა კახა კალაძე ისევ მერობისთვის? - ამბობს, რომ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოსთან ერთად მიიღებს. თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსები ნულის ტოლია.
ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ხალხის დაკვეთა ახლა ახალი საპარლამენტო არჩევნებია. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ 7 თვით ადრე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი ნაადრევია.
ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელმაც 4 ოქტომბრისთვის მზადება უკვე დაიწყო "გირჩია", სადაც იმედს იტოვებენ, რომ კოლეგები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან.
"გირჩი" იმედს იტოვებს, მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს მარცხის შიში აქვთ, თუმცა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 7 თვე რჩება. მერებსა და საკრებულოების წევრებს 64 მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბერს აირჩევენ.
ავტორი: ნანა გოგატაძე