21 მარტი 2025,   08:10
ვრცლად
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმყოფებიან. 

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს რუმინეთის სენატის თავმჯდომარე მირჩა აბრუდეანთან და დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან.

შეხვედრებზე საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა რუმინეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარება, მათ შორის საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და რუმინეთში ჩატარებული და შემდგომ გაუქმებული საპრეზიდენტო არჩევნები.
განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებები და მათი გავლენა როგორც საქართველოს, ასევე რუმინეთის უსაფრთხოებაზე. 

"შეხვედრებზე მიმოვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. რუმინელი პარლამენტარების მხრიდან, კიდევ ერთხელ გამოითქვა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. ჩვენმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ რეალისტურია 2030 წლისთვის საქართველომ შეძლოს ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელსაც ევროკავშირის წევრობა მოითხოვს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე გაიმართა ეკონომიკის, დიგიტალიზაციის, მეწარმეობისა და ტურიზმის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან დანიელა ნიკოლესკუსთან.

შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული პროექტები, მათ შორის წყალქვეშა კაბელის პროექტი შავ ზღვაში, რომელიც აკავშირებს საქართველოს და რუმინეთს და ასევე შუა დერეფნის განვითარება და მისი პოტენციალის სრული ათვისების საკითხი.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ შუა დერეფნის პროექტთან დაკავშირებით საქართველო და რუმინეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნები არიან და ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ დერეფანი საბოლოოდ იყოს ამოქმედებული, რომელიც დააკავშირებს ევროპას და აზიას კიდევ ერთი სავაჭრო დერეფნით. 

დღის ამბები