23 მარტი 2025,   03:13
ვრცლად
რა ფაქტები აქვს დაყადაღებული ფონდების წინააღმდეგ გამოძიებას - ოპოზიცია ფონდების საქმიანობაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს

ადამიანის უფლებათა სახლი, ერთ-ერთია 5 დაყადაღებულ ფონდს შორის, რომელიც ფინანსური ტრანზაქციების შესრულებას, 1 წლის განმავლობაში ვეღარ შეძლებს. პროკურატურა, "ნანუკას", ნიკა გილაურის - "ფროსფერითის", "სირცხვილიას" და "ფონდი ერთმანეთისთვის"- გადარიცხვებსაც სწავლობს. საუბარია ბოლო 4 თვეში დახარჯულ 2 მილიონ ლარზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, საპროტესტო აქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის, პიროტექნიკის და ადმინისტრაციული ჯარიმების დასაფარად გამოიყო. ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ კანონდარღვევისთვის დაჯარიმებული 365 დემონსტრანტის ადმინისტრაციული სახდელი სრულად დაფარეს, თუმცა ამტკიცებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას აღიარებით ჩვენებად მიიჩნევს მომჩივანი. "ნეიტრალურ საქართველოში" ამბობენ, რომ დაყადაღებული ფონდების წარმომადგენლები რევოლუციურ პროცესებს აფინანსებდნენ და ძალადობას ახალისებდნენ.

ფონდების საქმიანობაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, პროკურატურაში დაწყებული გამოძიების მიზანი, პროტესტის შეჩერება და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვაა.

"ოცნება" ოპონენტებს, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს ახსენებს, სადაც წერია, რომ ათასობით ლარი აირწინაღების, პიროტექნიკისა და ბრძოლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად დაიხარჯა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ფონდები სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას მიზანმიმართულად ცდილობდნენ.

ფონდების საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს პრემიერ-მინისტრს. ირაკლი კობახიძის თქმით, ორგანიზაციების ტრანზაქციები ახლა პროკურატურამ უნდა შეისწავლოს და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს

პროკურატურამ, საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე, გამოძიება, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე, 8 თებერვალს დაიწყო.

დღის ამბები