
სტამბოლში დემონსტრაციების აკრძალვის მიუხედავად, 10 ათასობით ადამიანმა ღამე ცენტრალურ მოედნებზე გაატარა - თურქეთის ქალაქებსა და დასახლებებში დაწყებული პროტესტის მიზეზი სტამბოლის ოპოზიციონერი მერის დაკავება გახდა. სახელმწიფო ბრალდებამ ეკრემ იმამოღლუ სავარაუდო კორუფციის და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობის საქმეზე დაკითხვაზე გადაიყვანა. რეჯეპ თაიფ ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა იზოლატორიდან მოწოდება გაავრცელა.
იმამოღლუსთან ერთად, უკვე დააკავეს 106 ადამიანი. მათ შორის არიან ჟურნალისტები და ბიზნესმენები, ასევე სტამბოლის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. გენერალური პროკურატურა მათ წინააღმდეგ გამოძიებას სამი მიმართულებით: კორუფციის, დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე აწარმოებს. თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დაკავებების სერია პოლიტიკურ დევნას არ წარმოადგენს.
ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე, ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებზე წვდომა შეზღუდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარკვეული შინაარსის პოსტების გამო 37 ადამიანი დააკავა. უწყება ირწმუნება, რომ მოხდა 261 მომხმარებლის იდენტიფიცირება, ვინც "ხალხს აპირისპირებდა და შუღლს აღვივებდა", გვერდების ნაწილი კი უცხოეთიდან იმართებოდა.
სტამბოლის მერის პოლიტიკურმა პარტიამ თანამებრძოლს მხარდაჭერა ანკარადან გამოუცხადა.
მეჯლისის სხდომა, დღეს ჩხუბით გაიხსნა. ერთმანეთს ფიზიკურად ერდოღანის და იმამოღლუს პარტიების წევრები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციურმა ჯგუფმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში აქციაც მოაწყო და დაკავებასთან ერთად, სტამბოლის მერისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დიპლომის ჩამორთმევა გააპროტესტა.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ ეროვნული ვალუტის - ლირის გაუფასურებ გამოიწვია. ვარდნა 10%-ს აღემატება. თურქეთის ბირჟამ ბოლო 24 საათში, მეორედ შეაჩერა ეროვნული ვალუტით ვაჭრობაც.