10 იანვარი 2025,   18:56
ვრცლად
"მნიშვნელოვანია შეფასდეს "ნაციონალური მოძრაობის", როგორც რეჟიმის საქმიანობა" - ვლადიმერ ბოჟაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

"ქართული ოცნების" წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, მათი მთავარ დაპირება, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის დროს, "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის სამართლებრივი შეფასება იყო.

ბოჟაძის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს იმ საქმეების შესახებ, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

"ჩვენი მთავარი დაპირება, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის დროს, იყო ის, რომ მომხდარიყო "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის სამართლებრივი შეფასება. 2012 წლის შემდეგ არ გაკეთებულა "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის სამართლებრივი შეფასება, მიუხედავად იმისა, რომ მათმა არაერთმა ლიდერმა მოიხადა სასჯელი. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი ახლაც იხდის სასჯელს უმძიმესი დანაშაულისთვის. მაინც მნიშვნელოვანია, რომ შეფასდეს "ნაციონალური მოძრაობის", როგორც რეჟიმის საქმიანობა.

პოლიტიკური შეფასება მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" აღარ აირჩია ქართველმა ხალხმა და პოლიტიკური შეფასება გრძელდება 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებზე. მაგრამ, ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ ის საქმიანობა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის.

დღის ამბები