"ქართული ოცნება", "ჰადსონის" ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიას ეხმიანება. სახელისუფლებო პარტია კონკრეტული ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან ანტიქართულ პოლიტიკაზე საუბრობს.
გუშინდელ დისკუსიაზე, რომელშიც სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობდა, ჯონ იულისონმა და ლორა თორნტონმა თქვეს, რომ საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და არ უნდა დაუშვან, ქვეყანაში ჩინეთის ან ირანის გავლენა.
"ქართულ ოცნებაში" ირანის გავლენის ზრდაზე გაკეთებულ განცხადებებს უარგუმენტოს უწოდებენ, ჩინეთის შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთან ურთიერთობა არაერთ ევროპულ ქვეყანას სურს.
"ესენი არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები - ბატონი იულსონი, ქალბატონი ზურაბიშვილი და ქალბატონო ლორა თორნტონი ამ თემას ასე განიხილავენ. ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და როგორც კი ეს პარტნიორობა გაფორმდა, მოგეხსენებათ, უვიზო მიმოსვლაც დაიწყო და პირდაპირი რეისებიც ჩაინიშნა. როდესაც ამერიკის ჯერჯერობით მოქმედი ადმინისტრაცია თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები ჩინეთთან მეგობრობას გვსაყვედურობენ და ეს დიდი ხანია გრძელდება, ეს ასმაგი სტანდარტია იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან, დაახლოებით, 700 მილიარდის ფარგლებშია.
ბატონო ტრამპის პრესკონფერენცია, სადაც მან ისაუბრა ჩინეთთან მის დამოკიდებულებაზე; მაგალითად, გერმანიისთვის ჩინეთი ზედიზედ უკვე მერვე წელია, ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ჩინეთთან ურთიერთობას აღრმავებს პოლონეთი, მოლდოვა. უვიზო რეჟიმებს აფორმებენ, ძალიან ბევრი სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმეს. იტალია ძალიან ახლოვდება ჩინეთთან, ასევე, ჩვენ მაკრონის შეხვედრა ვიხილეთ ბატონ სინ ძინ პინთან თვეების წინ, იქაც საუბარი იყო ურთიერთობის გაღრმავებაზე. ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს უფლება, ვისარგებლოთ იმითი, რომ ჩინეთისთვის ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო?! ეს ინტერესების თანხვედრა არის მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, ეკონომიკის ნაწილში და ის აბრეშუმის გზა, რომელიც ოდესღაც არსებობდა და რომელიც უნდა აღდგეს, ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ, ვინაიდან ეს არის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი.