ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრისას ტრაგიკულად დაღუპულ 5 არასრულწლოვანს დღეს დაკრძალავენ. დილიდან, ენგურის ხიდის მიმდებარედ იკრიბებიან ოჯახის ახლო ნათესავები, ბავშვების სკოლისა და ბაღის მასწავლებლები და აღმზრდელები, რათა უკანასკნელ გზაზე გააცილონ და პატივი მიაგონ დაღუპულების ხსოვნას.
დღეს, გამონაკლისის სახით, ათობით ადამიანს მიეცა საშუალება, რომ შეუფერხებლად და ზედმეტი შეზღუდვის გარეშე გადაადგილდეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გაიაროს ენგური ხიდი და გადავიდეს ოკუპირებულ საბერიოში.
ტრაგედიასთან დაკავშირებით, 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო შენობაზე, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შენობებზე, ასევე - ყველა სამხედრო ქვედანაყოფში.
შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. ხანძარი ბენზინის აალების შედეგად გაჩნდა. სახლში ბავშვებთან ერთად მხოლოდ მათი ბებია იმყოფებოდა. ისინი სტუმრად იყვნენ ბებიასთან, თავად კი დედ-მამასთან ერთად ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდნენ.
ბავშვებს ოკუპირებულ საბერიოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.