09 იანვარი 2025,   12:32
ვრცლად
კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონაა - მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობის, ქარისა და რთული რელიეფის გამო, ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონაა. ძლიერი ხანძარი ლოს-ანჯელესთან მალიბუსა და სანტა-მონიკას შორის მდებარე დასახლებას პეციფიკ პელისეიდს ანადგურებს. გადამწვარია 200 ჰექტარი ტერიტორია. დაზარალებულ რაიონებში 1200 მეხანძრე მაშველი მუშაობს. სასწრაფო ევაკუაციის მოთხოვნით სამხრეთ კალიფორნიის 300 ათასმა მცხოვრებმა ტერიტორია უკვე დატოვა. შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ცეცხლი გავრცელდა კერძო სექტორზეც, ქრობის პროცესში მობილიზებულია ავიაცია. მეხანძრეებს მუშაობა რთული ამინდის პირობებში უწევთ, ხანძრის ქრობას ძლიერი ქარი ართულებს. ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით ლოს-ანჯელესის შემოგარენში ქარის სიჩქარე დღეს წამში 36 მეტრია.

სტიქიის ზონიდან ევაკუაციას მოქალაქეები საკუთარი ძალებით ცდილობენ, რის გამოც ხანძრის მიმდებარე მაგისტრალებზე საცობები გაჩნდა. CNN-ი წერს, რომ ბევრი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე დაეტოვებინა და გზა ფეხით გაეგრძელებინა. ზოგიერთი ადგილობრივი სტიქიიდან თავის დაღწევას ოკეანის სანაპიროსთან გადასვლით ცდილობს.

უკვე მეორე დღეა კალიფორნიაში სტიქიას ებრძვიან. მიუხედავად სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მასშტაბური მობილიზებისა, ადგილზე მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობის, ძლიერი ქარისა და რთული რელიეფური მდებარეობის გამო ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დღის ამბები