08 იანვარი 2025,   13:00
ვრცლად
"ამპარტავნება და ეგოიზმი უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელია, ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ შეხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს" - საშობაო ეპისტოლე

"ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა, - ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა… საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა," - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია საუბარი.

ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ ეგოცენტრიზმი - ბოროტი ძალისგან თავსმოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

"ბოროტი ძალისგან თავსმოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა "მე" განსაკუთრებულად დომინირებს.

ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს.

ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ. ამასთან, ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება, არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი.

ამიტომაც, სხვა მცნებებთან ერთად, უნდა აღვასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი სწავლება უფლისა, - "შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი" და უმეტესი ამისა, ახალი მცნება ახალი აღთქმისა, რომელიც მაცხოვრისაგან ასეთი სახით მოგვეცა: "ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, ... როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი" (იოანე 13.34).

მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ჩვენი პირადი უდიდესი სასწაულის აღსრულებას, - გულიდან ეგოიზმის გაძევებას და მასში უფლის დავანებას, მხოლოდ ამ საშუალებით მოვიპოვებთ ზეცის მოქალაქეობას", - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

დღის ამბები