08 იანვარი 2025,   12:59
ვრცლად
კიევი ომის დასრულების და დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოლოდინშია - ზელენსკი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრას ელოდება

კიევი ომის დასრულების და დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოლოდინშია. ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრას ელოდება ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც ყოველდღე ამბობს, რომ მშვიდობის გარანტად სწორედ ტრამპს მიიჩნევს.

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს ენტონი ბლინკენი, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ბოლო დღეებს ითვლის. ბლინკენმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ამჯერად სეულში ვიზიტის დროს ისაუბრა.

რუსეთის კურსკის რეგიონში კი, უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციას ახორციელებენ. ინფორმაციას ოფიციალური მოსკოვიც ადასტურებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინელმა სამხედროებმა თავდასხმა სოფელ ბერდინთან ორი ტანკითა და 12 ჯავშანმანქანით დაიწყეს.

შეტაკებები არ წყდება უკრაინაში ფრონტის ხაზზეც. რუსმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებით წინ წაწევა შეძლეს და დაიკავეს ქალაქი კურახოვო.

პარალელურად, უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ტორეცკში, სადაც, ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ოკუპანტი გადამწვარი მიწის ტაქტიკას იყენებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მრავალსართულიანი კორპუსი გაანადგუროს.

ბრძოლის ველზე არსებულ კრიტიკულ ვითარებაზე თავად ფრონტზე მყოფი უკრაინელი სამხედროებიც საუბრობენ. აქვთ ამერიკის ახალი პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედიც და ელოდებიან ახალ ტექნიკასაც.

ფრონტის გარდა ვითარება მწვავეა მთელი უკრაინის მასშტაბით. ომის 1048-ე დღეს რუსეთის ძალებმა დრონები ქვეყნის 9 რეგიონის მიმართულებით გაუშვეს. ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში უკრაინის 11 რეგიონში იყო გამოცხადებული.

დღის ამბები