14 გარდაცვლილი და 30 დაშავებული - ბურბონის ისტორიული ქუჩა მრავალ საუკუნეს ითვლის, თუმცა მაცხოვრებლებს ბოლო პერიოდში, მსგავსი ტრაგედიის გახსენება უჭირთ. ფრანგულ კვარტლად წოდებული ქუჩა ახლა სევდამ მოიცვა. აქ ტრაგიკულად დაღუპულებს გლოვობენ, შემთხვევის ადგილს კი ყვავილებით და სხვადასხვა სიმბოლური ნივთით ამკობენ.
ხალისითა და სილაღით გამორჩეულ ქუჩაზე გარდაცვლილების ახლობლები და რიგითი მოქალაქეები ყოველდღე მიდიან. ყველა გარდაცვლილის ვინაობა უკვე იდენტიფიცირებულია. მოკლულებს შორის არიან, როგორც მოხუცები, ასევე, სტუდენტები. უცხოური მედიის ცნობით, გარდაცვლილთა შორის არის, პრინც უილიამის შვილის ყოფილი ძიძაც. სამეფო ოჯახი მომხდარს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
ახალ ორლეანსში მომხდარ ტრაგედიას აშშ-ის პრეზიდენტი ეხმაურება. ჯო ბაიდენი ტრაგიკული შემთხვევის ადგილს მეუღლესთან ერთად ორშაბათს ეწვევა.
ვიდრე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ტრაგედიებს შორის კავშირის დადგენას ცდილობს, ახლად არჩეული პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში ბაიდენს აკრიტიკებს - დონალდ ტრამპი მას საიმიგრაციო პოლიტიკას უწუნებს და აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტს უწოდებს.
ახალი ორლეანის ტრაგიკული შემთხვევა უკვე შეფასდა, როგორც ტერორიზმი. საეჭვო წარსულის მქონე 42 წლის შამსუდ დინ ჯაბარის სახლში არაერთი ნივთმტკიცება ამოიღეს. ტრაგედია ახალ წელს, პირველ იანვარს მოხდა. ბურბონის ქუჩაზე ახლა რიგითი მოქალაქეები მიდიან. სევდიან გარემოს ფრანგულ კვარტალში პერიოდულად მუსიკის ხმა ახლავს.