21 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
მმართველი გუნდი ოპოზიციას ამომრჩეველთა ხმების შეზღუდვის სქემებში ამხელს - "ოცნება" მტკიცებულებებს პროკურატურას წარუდგენს

სახელისუფლებო გუნდს უკვე აქვს 81 დადასტურებული ფაქტი, თუ როგორ ცდილობდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები "ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის არჩევნებში, ხმის მიცემის შესაძლებლობის შეზღუდვას. მმართველ ძალაში იმ სქემებსაც განმარტავენ, რომელიც, მათი თქმით, ოპონენტებმა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ შეიმუშავეს. მაგალითად, ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მოკავშირე პარტიების სქემით, საარჩევნო უბანზე მისული "ოცნების" ამომრჩეველი სიაში აღარ ირიცხებოდა და ის კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას საკუთარ წარმომადგენლად სხვა საარჩევნო უბანზე ჰყავდა დანიშნული. მმართველი ძალა, ამ მტკიცებულებების წარდგენას პროკურატურაში გეგმავს.

ოპოზიცია მმართველი პარტიის მიერ დასახელებულ სქემაში მონაწილეობას უარყოფს და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, იმ კითხვებს უპასუხოს, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას სავარაუდო გაყალბების შესახებ მათ მიერ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე ამახვილებენ, თუმცა პროკურატურასთან თანამშრომლობას არ აპირებენ და საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ.

სახელისუფლებო პარტია კიდევ ორ სქემაზე საუბრობს, რომელიც გადასატან ყუთებს და ოპოზიციის მიერ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს ეხება. მმართველი პარტიის წევრები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე მიანიშნებენ და ამბობენ, რომ ყველა ფაქტთან დაკავშირებით მათ ოპონენტებს განმარტებების გაკეთება მოუწევთ.

ოპოზიციის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებზე, სახელისუფლებო პარტიამ 1 ნოემბერს, პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათ მიერ მოპოვებული ფაქტებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 162 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ეხება.

დღის ამბები