24 ნოემბერი 2024,   00:13
ვრცლად
"გრიპი უფრო მძიმედ მიმდინარეობს ორსულებში, ვიდრე კორონავირუსი" - რა გავლენა შეუძლია მოახდინოს ვირუსმა ორსულზე

ვირუსები, რომელთა პრევენციაც ორსულობამდე უნდა მოხდეს - რა გავლენა შეუძლია მოახდინოს ვირუსმა ორსულზე და როგორ შეიძლება სხვადასხვა ვირუსის პრევენცია - ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიის განყოფილების ხელმძღვანელმა მალვინა ჯავახიშვილმა "რუსთავი 2-ის დილის გადაცემა - "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში ვირუსებზე და მათი პრევენციის გზებზე ისაუბრა.

"ორსულობამდე უნდა მოხდეს, გამოკვლევა. კერძოდ: ტოქსოპლაზმა, წითურა, ციტომეგალო ვირუსი და ჰერპეს ვირუსი. ეს ოთხი ვირუსი განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულობამდე.

ტოქსოპლაზმა თუ გადაიტანა ორსულობამდე 6 თვით ან 1 წლით ადრე, იქნება ძალიან კარგი და ეს გამოჩნდება ანტისხეულების ტესტში. თუ გადატანილი აქვს ნაკლებად სანერვიულო იქნება და პირიქით, ორსულობისთვის მზად არის, თუმცა თუ არ აქვს გადატანილი ორსულობისას და ორსულობამდეც 6 თვით ადრე, უნდა მოერიდოს ქალი ცხოველებთან დაუცველ კონტაქტს. ფისოები ძალიან გვიყვარს, შინაური ცხოველებიც ძალიან გვიყვარს, თუმცა ეს ის პათოგენია, რომელიც სწორედ ფისოებისგან გადადის, მოვეფეროთ, მოვუაროთ, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თავი.

ტოქსოპლაზმა თუ ორსულობის დროს ან მანამდე, 6 თვით ადრე შეხვდა, ამას შეუძლია ნაყოფის დაზიანება, აქ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ორსულობის რომელ ფაზაში შეხვდება ორსულს ეს ვირუსი. ასევე ნაყოფის დაზიანება შეუძლია წითურასაც, ამ დროს მნიშვნელოვანია ქალმა გადაამოწმოს აქვს თუ არა წითურაზე აცრა ჩატარებული, თუ აქვს ჩატარებული ის დაცულია ნამდვილად.

თუკი ქალი წინასწარ გეგმავს ორსულობას, მას შეუძლია ამ ვაქცინაციის ჩატარება და უკვე ამ დროსაც დაცულია მომავალი ფეხმძიმე.

ასევეა ჰერპესს ვირუსიც, რომელიც არანაკლებ სახიფათოა, თუმცა საიმედოა ის ფაქტი, რომ ამ ყველაფრის პრევენციის გზები არსებობს,"- აცხადებს მალვინა ჯავახიშვილი.

რა ხდება მაშინ, როდესაც ორსულს ხვდება გრიპი ან კორონავირუსი?

"გრიპი უფრო მძიმედ მიმდინარეობს ორსულებში და გაცილებით სერიოზულ პრობლემებს ქმნის, ვიდრე კორონავირუსი და ის პანდემიური შტამები, რაც არსებობს.

ამაზე მსოფლიომ იზრუნა და არსებობს აბსოლუტურად უსაფრთხო გრიპის ვაქცინა, რომელიც ეფექტური და გამოცდილი ვაქცინაა, რაც ორსულებისთვის ნამდვილად უსაფრთხოა," - აცხადებს მალვინა ჯავახიშვილი.

აქვს თუ არა მნიშვნელობა რა ვადაზე აიცრება ორსული გრიპის ვაქცინით?

"ვაქცინაცია ორსულებში რაც უფრო სეზონურად ჩატარდება და დროულად, მით უკეთესია, ამ დროს ორსულობის ვადას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა,"- აცხადებს მალვინა ჯავახიშვილი.

ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალვინა ჯავახიშვილი ორსულების და დედების განწყობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ დედის განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ნაყოფზე, ასევე ჩვილ ბავშვზე.

"ხშირად მეკითხებიან რითი ავუმაღლო იმუნიტეტი ჩემს შვილსო? - რაზეც ვპასუხობ, რომ თქვენს შვილებს იმუნიტეტი უნდა აუმაღლოთ თქვენივე მომღიმარი სახით, თქვენი თბილი სახით, რადგან თქვენ რომ ხართ სტრესში, ამ დროს ბავშვიც სტრესშია და ქვეითდება იმუნიტეტი, განწყობა კი პირდაპირ კავშირშია.

ამასთან აუცილებელია კარგი კვება და ხილი,"- აცხადებს მალვინა ჯავახიშვილი.

დღის ამბები