ევროპული საბჭოს ფარგლებში გამართული სხდომისა და შეხვედრების შედეგები, საბოლოოდ, 15 გვერდიან დასკვნაში აისახა. საემიგრაციო კრიზისი, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, რუსეთ-უკრაინის ომი და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობები - დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც და მოახლოებულ არჩევნებზეც.
ევროპულ საბჭოს მოლოდინი აქვს, რომ ის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. საბჭო ადასტურებს, რომ ევროკავშირი მზადაა, ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე მხარი დაუჭიროს, თუმცა შემაშფოთებელს უწოდებენ საქართველოს მთავრობის ქმედებებს. ამბობენ, რომ კურსი გაწევრიანების პროცესს აჩერებს. განცხადებები თბილისში და ბრიუსელში პარალელურ რეჟიმში კეთდებოდა.
არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში, დასავლეთიდან გაკეთებულ განცხადებებს მთავრობის მეთაურისთვის კონკრეტული დატვირთვა აქვს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კრიტიკა დროებითია და გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით შეიცვლება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების საერთო განცხადება ოპოზიციისთვის სრულად მისაღებია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლება არსებული ხელისუფლებაა და მათ პირობებში წინსვლა არ იქნება.
ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებს, მმართველი პარტიაში ”კამპანიურ სიყალბეს” უწოდებენ. ამის შესახებ ვრცელი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მამუკა მდინარაძის თქმით, წინასაარჩევნოდ ამ თემის გამძაფრებაც შეგნებულად ხდება. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ მსგავსი პოზიციები არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.
არსებული ვითარების ობიექტური შეფასება, სწორედ ამ პრინციპის დაცვას ითხოვენ "ქართულ ოცნებაში" პარტნიორებისგან. სახელისუფლებო გუნდისთვის არჩევნებამდე დარჩენილ 8 დღეში ნებისმიერი გზავნილი, რომელიც ქვეყნის იმიჯს და მის რეპუტაციას აზიანებს პარტნიორულ და მეგობრულ დამოკიდებულებად ვერ ფასდება.