მთაწმინდის ფერდზე ტყის ლანდშაფტის აღდგენის და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი გრძელდება. "ფონდი ქართუს" მხარდაჭერით გაკეთდა რამდენიმე ათეული კილომეტრის საფეხმავლო და ველო ბილიკები, ასევე ეტაპობრივად ირგვება 40-მდე ჯიშის ხე.
დღეს, კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიელებმა, მორაგბეებმა, ასევე მოსწავლეებმა და სტუდენტებმა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, მეც და ჩვენმა სასახელო ბიჭებმა მივიღეთ წვლილი დღეს ბუნების გალამაზებაში. ჩემი დიდი თხოვნაა, რომ ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას და თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის კეთილდღეობაში და ბუნების კიდევ უფრო მეტად გალამაზებაში,“ - აცხადებს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას, პროექტს ქართული მომავლისთვის მნიშვნელოვანი საქმე უწოდა.
"დღეს ძალიან მაგარი ახალგაზრდები და ძალიან მაგარი ადამიანები შეიკრიბნენ, ლეგენდარული ქართველი სპორტსმენები და ჩემთვის დიდი პატივია მათთან ერთად ასეთი მაგარი საქმის კეთება. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ქართული მომავლისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ბუნებისთვის,“ - აცხადებს გენო პეტრიაშვილი.