23 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
მაია ბითაძე ჰერჩინსკის განცხადებებზე: რჩება განცდა, რომ წარმომადგენლები ევროკავშირიდან და აშშ-დან ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო აქტიურად, რადიკალურად და უხეშად ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში

"ქართული ოცნების" წევრი, მაია ბითაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბითაძემ "დღის კურიერში" აღნიშნა, ჩნდება განცდა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო აქტიურად და რადიკალურად ჩაერევა საქართველოს საშიანო საქმეებში.

"რაც შეეხება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მე დღეს მოვისმინე საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებები და მათგან ერთი იყო ძალიან ისეთი გზავნილი, რომელიც მე მგონია, რომ პირიქით - ჩვენ გვაქვს მათთვის სათქმელი. ბატონმა ჰერჩინსკიმ, რომელთან თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს, დღეს თქვა, რომ თითქოს, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ვეჯიბრებით, თუ ვინ იტყვის უფრო მეტს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ერევა ევროკავშირი წინასაარჩევნო პერიოდში. მე პირიქით ვიტყვი, რომ არამხოლოდ "ქართულ ოცნებას", არამედ საქართველოს მოქალაქეებს რჩებათ განცდა, რომ წარმომადგენლები ევროკავშირიდან და აშშ-დან ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუ ვინ უფრო აქტიურად, რადიკალურად და უხეშად ჩაერევა, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით, საქართველოს საშინაო საქმეებში.

გარდა იმისა, რომ ემოციურად უკვე შევეჩვიეთ ასეთ უხეშ განცხადებებს, ნებისმიერი ასეთი ახალი განაცხადი, რომელიც მოდის ევროკავშირის სტრუქტურებიდან, უკვე აღიქმება როგორც ზეწოლა საქართველოს ამომრჩეველზე იმისათვის, რომ მათ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურს ვიღაცას სადღაც საზღვრებს მიღმა. პირიქით რეაქციას იღებენ, რადგან ამომრჩევლის არნახული მობილიზება იქნება, ოღონდ უპირობოდ იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ "ქართული ოცნება" იქნება 26 ოქტომბრის შემდგომ ის ხელისუფლება, რომელიც ევროინტეგრაციის იმ გზას გააგრძელებს, რომელიც 2014 წლიდან დავიწყეთ და ძალიან ბევრი შრომის შედეგად, კანდიდატის სტატუსი მოვუპოვეთ ამ ქვეყანას 1 წლიანი დაგვიანებით. ეს ერთწლიანი დაგვიანებაც იყო გეოპოლიტიკური მდგომარეობის და საქართველოზე გარკვეული ზეწოლის მოხდენის სურვილის შედეგი და, ასევე, ჩვენი რადიკალების მავნებლური საქმიანობის შედეგი.

ჩემთვის აბსოლუტურად ბუნდოვანია, თუ რაზე საუბრობს ბატონი ელჩი და სად ხედავს იმის ნიშნებს, რომ ერთპარტიული უნდა გახდეს მმართველობა ან ახლა არის ერთპარტიული. ასეთი პოლიტიკური პლურალიზმი საქართველოს 90-იანი წლების შემდგომ არ ახსოვს, უბრალოდ ახლა ბევრად აქტიურია რადიკალური პოლიტიკური სპექტრი. შესაბამისად, თუ ის გულისხმობს იმას, რომ თუ საქართველოში კოალიციური მთავრობა არ იქნება ეს ევროკავშირის წევრობას რამენაირად ხელს შეუშლის, მაშინ ასევე უნდა დაგვისახელონ ის სახელმწიფოები ევროკავშირში, რომლებიც აუცილებლად კოალიციურები არიან.

ეს განცხადებები არის ბოლო 1 კვირის განმავლობაში გასაწური რიტორიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ რამენაირად ამომრჩეველზე ზეგავლენა მოახდინონ და მათ შეცვალონ გადაწყვეტილება, თუმცა ავიწყდებათ რადიკალებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დიახ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირის სტრუქტურებში გაწევრიანება, მაგრამ ეს ჩვენ გვინდა არა იმიტომ, რომ ბრიუსელმა თითი გვიქნიოს ყველაფერზე და შავზე თეთრი გვითხრას, და წინასაარჩევნოდ, პრაქტიკულად, მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო პროცესში. საბოლოო ჯამში, ეს ისტორიის ძალიან უხერხულ ფურცლად შემორჩება საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობას შორის, რადგან ჩვენი გეზი ისევე, როგორც აქამდე, არის ევროკავშირის სტრუქტურებში გაერთიანება," - აცხადებს მაია ბითაძე.

დღის ამბები